პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მიუღებელია ბიჭვინთის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი და უმოქმედობა.
„სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე“, - მიმართავს დეპუტატები მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ამატებს: „საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს“.
მიმართვას ხელს აწერენ ლევან იოსელიანი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი.
მათი შეფასებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.
ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დუმილი გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხთან" ინტერვიუში.
შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში მიმართვის ავტორად მხოლოდ დეპუტატი ლევან იოსელიანი იყო ნახსენები, რაც გასწორდა.