რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. 27 ივლისს, ბჟანია მოსკოვთან მდებარე სამთავრობო რეზიდენცია „გორკი 9“-ში მიიღო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბჟანიამ და მედვედევმა განიხილეს „სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები“. მედვედევმა ბჟანიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს აღიარა. 26 თებერვალს, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“ ბჟანიამაც. მოსკოვში მისი ამჟამინდელი ვიზიტის ფონია აფხაზური საზოგადოების აღშფოთება, რომელიც უკავშირდება ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემის განზრახვას.
ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტისას" შეხვდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. ბჟანიასთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რობერტ კიუტი.