არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის" და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემისს საკითხზე დროულად იმოქმედოს აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ.
„აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პასუხად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა. ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი“,- ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და ამ კუთხით გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა პროცესის შესაჩერებლად;
- გადახედოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში და ამ მიმართულებით რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ სტრატეგიებსა და სამუშაოებს მიმართავს;
- არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი და შექმნას ადგილობრივი ელიტებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო ეკონომიკური და სოციალური ალტერნატივები.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.
ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დუმილი გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხთან" ინტერვიუში.
"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა, იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როდესაც ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?!" - თქვა ზურაბიშვილმა.
რადიო თავისუფლება მანამდეც არაერთხელ და დღესაც ცდილობს მიიღოს საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური პოზიციის გამომხატველი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.