Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილეს


პატრიარქი კირილე და რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
პატრიარქი კირილე და რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს აეკრძალა ლიეტუვაში შესვლა - იუწყება გამოცემა Delfi, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობებით, არასასურველ პირთა სიაში კირილეს შეყვანის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 ივნისს იქნა მიღებული. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში კირილე დასახელებულია "უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად" და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ.

ლიეტუვა შენგენის ზონაში შედის. შესვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ პატრიარქ კირილეს მონაცემები უნდა გაჩნდეს შენგენის საინფორმაციო სისტემაში - რაც, დიდი ალბათობით, შედეგად იმას მოიტანს, რომ ის ვერც შენგენის ზონის სხვა სახელმწიფოებში შეძლებს შესვლას, თუმცა, შესაძლოა გამონაკლისები იყოს დაშვებული. მანამდე უნგრეთი აცხადებდა, რომ პატრიარქი კირილე არ უნდა შეეყვანათ ევროკავშირის სანქციების სიაში - თუმცა ის ფიგურირებს მსგავს სიებში, რომლებიც აშშ-მა და კანადამ მიიღეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კირილემ თავის ქადაგებებში არაერთხელ თქვა, რომ "რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს" და კონფლიქტის გაღვიებაში დაადანაშაულა დასავლეთის სახელმწიფოები და გარკვეული ანტიეკლესიური ძალები. კირილეს, ასევე, ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში რუსეთის ძალები ქვეყანას იცავენ.

XS
SM
MD
LG