Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ნაბაკევში გაჩხრიკეს "ჯაშუშობისთვის" დაკავებული ახალგაზრდა ქალის სახლი


ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. სასაზღვრო პუნქტი სოფელ ნაბაკევში
ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. სასაზღვრო პუნქტი სოფელ ნაბაკევში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაჩხრიკეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის სახლი. ამის შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობით, რადიო თავისუფლებას უამბო ნაბაკევის მკვიდრმა, რომელიც დაკავებულის მეზობლად ცხოვრობს.

წყაროს ინფორმაციით, დაკავებული გოგო ამჟამად სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის იზოლატორშია. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალი ნაბაკევში, მამასთან ერთად ცხოვრობს და გალიდან ზუგდიდში ხშირად ჩადიოდა.

ნაბაკეველი წყაროს თანახმად, აფხაზმა სამართალდამცავებმა გოგო მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში გამგზავრებას ცდილობდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა 25 ივლისს განაცხადა, რომ "ჯაშუშობისთვის" დაკავებულია 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს. ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, თაკალანძე „ეწეოდა დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციას, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ“.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც კარგად ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..."

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი არაერთი ქართველი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. მათი ნაწილი პერიოდულად, მცირე ხნით ახერხებს გალში ჩასვლას. გარდა ამისა, ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის გავლით ჩადიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც მედიკამენტებს და სხვა საჭირო პროდუქტს ყიდულობენ, ან სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში განუცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

XS
SM
MD
LG