Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" დააკავეს გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი


აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშა სოხუმში
აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშა სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს.

ამავე სამსახურის თანახმად, ქრისტინე თაკალანძეს, რომელის გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს. ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, თაკალანძე „ეწეოდა დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციას, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ“.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, მისმა „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც კარგად ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..."

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი არაერთი ქართველი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. მათი ნაწილი პერიოდულად, მცირე ხნით ახერხებს გალში ჩასვლას. გარდა ამისა, ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის გავლით ჩადიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც მედიკამენტებს და სხვა საჭირო პროდუქტს ყიდულობენ, ან სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში განუცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

XS
SM
MD
LG