პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელს არ აწერს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის დანიშვნას გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. პრეზიდენტმა ვაშინგტონში ბაქრაძის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, რასაც ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
„დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელსაც სადაც კი არ უმუშავია და ის არა ერთი წლის განმავლობაში ჩემი კოლეგა იყო სახელმწიფო მინისტრის რანგში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით.
მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს, მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. აქვე ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების შეთანხმების მიზნით და შემდეგ, წლებთან ერთად ამ რეფორმების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდა მავანი, მათ შორის ვაშინგტონში დავით ბაქრაძე იყო სწორედ ის ელჩი, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ზუსტი, ადეკვატური, სამართლიანი ინფორმაცია მიეღოთ უცხოელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი. ეს არის დაუშვებელი, რადგან უსამართლობაა. საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში იცავს, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას დღემდე ხელს არ აწერს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მისი ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.
როგორც ზურაბიშვილმა თქვა, 37-იდან 36 ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. „ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და , ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.
7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციოს მიმართა.