თვითგამოცხადებულ ქვეყანა ლიბერლენდს დღეს 7500-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს, მაგრამ იქ არავინ ცხოვრობს.
პატარა უსახელო კუნძულის ფართობი 7 კვადრატული კილომეტრია. ის სერბეთსა და ხორვატიას შორის, მდინარე დუნაიში მდებარეობს. 2001 წელს, იუგოსლავიის დაშლისას, კუნძული ორივე ქვეყანას “მხედველობიდან გამორჩა”.
ჩეხი პოლიტიკოსი ვიტ იედლიჩკა ამტკიცებს, რომ კუნძული 2015 წლის აპრილში აღმოაჩინა და მალევე იქ ლიბერლენდის დროშა აღმართა. მისი “ქვეყნის” დევიზია: “იცხოვრე და სხვასაც მიეცი ცხოვრების საშუალება”.
მისი თქმით, დროშის აღმართვიდან მალევე მოქალაქეობის ათასობით მსურველი გაჩნდა. თავდაპირველი იდეის თანახმად, ლიბერლენდელებს პასპორტი ინვესტიციების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ, პატარა კუნძულზე ცათამბჯენები უნდა აშენებულიყო, ქვეყანა თავისუფალი სავაჭრო ზონა იქნებოდა, და იქ ლიბერტარიანული დემოკრატია დამყარდებოდა.
გარდა ამისა, მოქალაქეებს ქვეყანა პირდაპირი დემოკრატიით უნდა ემართათ (დაახლოებით ისე, როგორც შვეიცარიაში) და ვინც უფრო მეტ გადასახადს გადაიხდიდა, იმის ხმასაც უფრო მეტი წონა ექნებოდა. გეგმამ ჯერ ვერ იმუშავა.
ამჟამად კუნძული “არავის მიწაა”, ანუ არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. ახლა მასზე პრეტენზიას აცხადებს ხორვატია, რომლის მესაზღვრეებიც არაღიარებულ პრეზიდენტს და მის მოქალაქეებს ლიბერლენდში არ უშვებენ.
თუმცა ვიდ იედლიჩკას იმედი აქვს, რომ პრობლემა გადაიჭრება.
“უახლოეს მომავალში ხორვატია აღიარებს იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელსაც ლიბერლენდის შექმნით მიაღწევს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
“ან გვაღიარონ, ან დაგვიმეგობრდნენ”
იედლიჩკა და მისი “თანამოქალაქები” უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ ამერიკელ ლობისტთან, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანა უნდა დაარწმუნოს, რომ ლიბერლენდი აღიარონ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე ჩანს, რომ ლიბერლენდელებმა ახლახან ლობისტ სტივენ მელნიკთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს.
“ასევე გაგვიხარდება, თუ დაგვიმეგობრდებიან და ჩვენს დევიზს აღიარებენ”, - ამბობს იედლიჩკა.
7 წლის მანძილზე ლიბერლენდი არავის უღიარებია. აი, “მეგობრები” კი გაიჩინეს.
იედლიჩკა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გაეროს 6 ქვეყანასთან “დიპლომატიური ურთიერთობა” დაამყარეს. 5-ს არ აკონკრეტებს, მეექვსე კი ჰაიტია.
ჰაიტისთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს “ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას ვაჭრობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში”.
რისი შეთავაზება შეუძლია ლიბერლენდს სამყაროსთვის? პირველ რიგში, ოფშორული ზონის, სადაც მინიმალური რეგულაციები, ფულის ჩადება კი მაქსიმალურად სარფიანი იქნება.
ლიბერლენდის საიტზე მითითებულია, რომ ქვეყნის მოქალაქეობას თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ელოდება. ოღონდ ლიბერლენდულ აიდიბარათს ყველა ვერ მიიღებს. მოქალაქეობის მსურველებმა ჯერ უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მაგალითად, პოლიტიკურის, ან ფინანსურის.
ქალაქი მეტავერსში
ლიბერლენდს საკუთარი ფულიც აქვს - კრიპტოვალუტა ლიბერლენდური მერიტი. სანამ ფულის ეს ერთეული რეალურ სამყაროში გახდება გამოსადეგი, ქვეყნის მოქალაქეები და სხვებიც მას მალე ვირტუალურში გამოიყენებენ.
ლიბერლენდი მალე ვირტუალური ქალაქი გახდება. ბრიტანული არქიტექტურული ფირმა “Zaha Hadid Architects” ახლა ციფრული ქალაქის “მშენებლობას” ასრულებს. იქ ინვესტორები და მოქალაქეები ისეირნებენ, იყიდიან ვირტუალურ “უძრავ ქონებას” და ვირტუალურ ბიზნესს წამოიწყებენ.
უკვე მზადაა მერიის შენობა, სავაჭრო ცენტრები და ბიზნესინკუბატორი, - წერს CNN.
სამაგალითოები: პუტინი და სინგაპური
2015 წელს, როცა კუნძულზე მოხვედრა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ლიბერლენდში გამოცემა “მედუზას”კორესპონდენტი ჩავიდა.
ლიბერტარიანულ უტოპიაზე საუბრისას, იედლიჩკა რეპორტიორს გამოუტყდა, რომ პუტინი მოსწონს.
“იგი აღიარებს, რომ ესიმპათიურება რუსი კოლეგა, რომელიც კი ზღუდავს სხვების (მაგალითად, გეების) სამოქალაქო უფლებებს, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც ქუჩაში საკუთარი ლოზუნგებით გამოდიან”, - წერს „მედუზა“ და მოჰყავს თავად იედლიჩკას სიტყვები - “საკუთარ პირად შეხედულებებს პოლიტიკურ პროპაგანდად აქცევენო”.
„მედუზა“ წერს, რომ იედლიჩკას თქმით, პირად თავისუფლებაზე წინ ეკონომიკურს აყენებს (აზრის გამოხატვაზე მნიშვნელოვანი ფულის კეთების შესაძლებლობაა) და იმავეს უპირებს ლიბერლენდსაც. სამაგალითო ქვეყანა მისთვის სინგაპურია: სამოქალაქო უფლებები კი იზღუდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ეკონომიკა ყვავის.