Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე საგარეო ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ. იყიდის პუტინი ირანულ დრონებს?


ვლადიმირ პუტინი თეირანში ჩავიდა, 19 ივლისი.
ვლადიმირ პუტინი თეირანში ჩავიდა, 19 ივლისი.

ვლადიმირ პუტინი თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებს ხვდება. მხარეები აცხადებენ, რომ ძირითადად სირიასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ილაპარაკებენ. მაგრამ თეთრი სახლის მტკიცებით, ეს ყველაფერი არ არის - რუსეთს ირანული სამხედრო დრონებიც უნდა.

სანქციების წინააღმდეგ

რაც უკრაინაში ომი წამოიწყო, ვლადიმირ პუტინი საზღვარგარეთ მხოლოდ მეორედ გაემგზავრა. როგორც მისმა პრესსპიკერმა 18 ივლისს თქვა, მოსკოვი და თეირანი აპირებენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, “სანქციების ზიანის შესამცირებლად”.

ორივე ქვეყანა უკვე დიდი ხანია დასავლეთის სანქციებს უმკლავდება. პირველად ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. მაგრამ ისტორიაში ყველაზე მსხვილი სანქციები მოსკოვმა ომის დაწყების შემდეგ იწვნია. მაგალითად, პუტინის ახლო გარემოცვას მილიარდობით დოლარის აქტივები გაუყინეს, აკრძალეს რუსეთში ტექნოლოგიების შეტანა. ამასობაში, ევროკავშირი ამცირებს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტსაც.

აი, ირანი კი დასანქცირებულია მისი ბირთვული პროგრამის გამო. თეირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას, როგორც დასავლეთი ეჭვობს, ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ამასთანავე, აშშ ადანაშაულებს ირანის ხელისუფლების ჰეზბოლას, ჰამასისა და პალესტინური ისლამური ჯიჰადის მხარდაჭერის გამო, რომელთაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

მოლაპარაკებები უკრაინაზე

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ერდოანია. თურქეთმა რამდენიმე კვირის წინ მწვანე შუქი აუნთო შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებაზე. წინა ოთხშაბათს კი თურქეთმა გამოაცხადა, რომ შეუთანხმდა რუსეთს და მოსკოვი მზადაა, უკრაინას მარცვლეულის გაყიდვის შესაძლებლობა მისცეს.

გარდიანის ცნობით, ამჟამად ოდესის შავი ზღვის პორტში ექსპორტისთვის გამზადებული 20 ტონაზე მეტი მარცვლეულია გაჭედილი.

წინა ოთხშაბათს, 13 ივლისს მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში. თეირანში ესტაფეტას გადაიბარებენ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. გაერო აცხადებს - თუ ექსპორტი მალე არ განახლდება, ათეულობით მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში შიმშილი დაემუქრება.

“აშშ არ წავა”

სამივე ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ თურქეთის გეგმებს, კვლავ განაახლოს სამხედრო მოქმედებები სირიაში. ერდოანს სურს, უფრო ღრმად შევიდეს ქვეყნის ტერიტორიაზე, თურქეთ-სირიის საზღვართან “უსაფრთხო ზონების” შესაქმნელად.

მოსკოვი და თეირანი ამას ეწინააღმდეგებიან. ისინი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებს აკონტროლებს. თურქეთს ჯარები ჰყავს შეყვანელი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აშშ კი მხარს უჭერს “სირიის დემოკრატიულ ძალებს”. ისინი ქვეყნის სამხრეთს აკონტროლებენ.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ პუტინის ვიზიტი თეირანში სიმბოლურია, რადგან რამდენიმე დღის წინ ახლო აღმოსავლეთს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც ეწვია. იგი რეგიონში ვაშინგტონის ორ მთავარ მოკავშირეს ესტუმრა - ჯერ ისრაელს, შემდეგ კი საუდის არაბეთს.

“აშშ კვლავ დარჩება ჩართულ პარტნიორად ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ არ წავალთ და არ დავტოვებთ ჩინეთის, რუსეთის ან ირანის შესავსებ ვაკუუმს”, - თქვა მან საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში სიტყვით გამოსვლისას.

ნამდვილი მიზეზი - ირანული დრონები?

თუმცა შესაძლოა, განიხილონ კიდევ ერთი საკითხი. თეთრი სახლი აცხადებს, რომ წინა კვირას რუსული დელეგაცია ორჯერ ეწვია ირანს სამხედრო დრონების დასათვალიერებლად.

ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, საუბარია “რამდენიმე ასეულ დრონზე” და მოსკოვი აპირებს, ისინი უკრაინისთვის მიწოდებულ სამხედრო ტექნიკას დაუპირისპიროს.

ეს ბრალდებები უკვე უარყო ირანის საგარეო მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა. პარასკევს უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და თეირანი მხარს არ დაუჭერს არაფერს, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის ესკალაციას.

ნიკოლ გრავესკი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსეთ-ირანის ურთიერთობებს იკვლევს, ამბობს, რომ გარიგება მართლაც შეიძლება შედგეს.

“ის ფაქტი, რომ რუსეთი ეყრდნობა ირანულ ტექნოლოგიას, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რომ მათი ურთიერთობა ცალმხრივი აღარაა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში”, - უთხრა მან Independent-ს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG