სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, განცხადებას ავრცელებს ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალას შეეხება.
სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ოქტომბერში მან შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ, "დიდი ფიქრის შემდეგ“ კი გადაწყვიტა, „ეს სამუდამოდ დაემთავრებინა“ და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე „რა უკანონობის მონაწილეც“ იყო.
„ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს.
2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს“, - წერს გოგაშვილი.
ის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლო შურისძიებაზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება შეეხოს მის ოჯახსაც და აქვს ვარაუდიც, როგორ შეიძლება გეგმავდეს ახლა "ქართული ოცნება" შურისძიების სცენარს.
"ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე. ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო‼️ აბა მიდით, იმოქმედეთ“, - წერს სოსო გოგაშვილი.
13 ივლისს ტელეკომპანია „იმედისა“ და "მაესტროს" ეთერებში გავიდა გიორგი გაჩეჩილაძის, „უცნობის“, გადაცემა. მან საზოგადოებას მოასმენინა "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებული ჩანაწერი და ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილა, როგორი არაეთიკური ხალხი მუშაობს კრიტიკულ მედიაში. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ ნაციონალურ მაუწყებელს სუსის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.
ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუსის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.