Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანასტასია შატალოვას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა


ფოტო არქივიდან: ანასტასია შატალოვა
ფოტო არქივიდან: ანასტასია შატალოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ თბილისში 2021 წლის 18 ოქტომბერს მოკლული რუსეთის მოქალაქის, 27 წლის ანასტასია შატალოვას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

ბრალდებულ ბექა ლატარიას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, საპროცესო კოდექსის თანახმად, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბიძინა ხასიას, რომელიც დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით.

4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ლევან რაჯავს. სასამართლომ რაჯავი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იგი გამართლდა 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ანასტასია შატალოვა მის პარტნიორს, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც საერთო შვილიც ჰყავდა, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, „ამ ფაქტზე გამოყოფილია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად ყველა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული".

განახლება

განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა საქმის გარემოებების შესახებ, ვკითხულობთ:

„2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაბრუნებას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბ.ხ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც იმალებოდა ერთ-ერთი ბრალდებულის ლ.რ.-ს ბინაში, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბინის მეპატრონემ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი ქვედა სართულის აივანზე გადახტა, ხელყუმბარა კი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, რომელიც არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხს დაეცა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

XS
SM
MD
LG