ანასტასია შატალოვა მის პარტნიორს, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც საერთო შვილიც ჰყავდა, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. შეგახსენებთ, ქალის მკვლელობის საქმეზე, ამ ეტაპზე, სამი პირია დაკავებული. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და გამორიცხავენ ყოველგვარ ნაცნობობას როგორც ანასტასია შატალოვასთან, ისე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან. გამოძიება ამ დრომდე არ საუბრობს მკვლელობის მოტივზე.
ანასტასია შატალოვას 4 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქალი ზურაბ ბერიძეს ადანაშაულებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში და ასევე სიცოცხლის მოსპობით მუქარაში.
როგორც ოქმშია მითითებული, კონფლიქტი ზურაბ ბერიძესა და ქალს შორის 4 ივნისს, დილით, ბათუმში, მათ საცხოვრებელ სახლში, მას შემდეგ წამოიშვა, რაც ქალმა ზურაბ ბერიძეს სთხოვა, რომ უფლება მიეცა შვილთან ერთად რუსეთში, მშობლებთან წასულიყო:
„4 ივნისს, დაახლოებით 10 საათისათვის, ძიძამ, იულიამ, ჩემი შვილი სასეირნოდ წაიყვანა. სახლში დავრჩით მე და ზურაბ ბერიძე. ამ დროს, ზურაბ ბერიძეს კვლავ ვთხოვე, მოეცა ჩემთვის უფლება წავსულიყავი რუსეთში, ჩემს მშობლებთან. ამაზე ზურაბი გაბრაზდა და დამიწყო დედის მისამართით გინება. დაახლოებით 13 საათზე, ძიძა და ბავშვი დაბრუნდნენ სახლში. ძიძამ ბავშვი დაგვიტოვა და თავად წავიდა მაღაზიაში. ზურაბმა განაგრძო ჩემი ლანძღვა-გინება, რაზეც ბავშვი შეშინდა და დაიწყო ტირილი. ამ დროს ვიმყოფებოდით ჩვენს საძინებელში. ზურაბი ბავშვზეც გაბრაზდა და ხელით მიბიძგა, რის გამოც ბავშვი საჯდომით დაეცა იატაკზე. ბავშვი იმ წუთას ავიყვანე ხელში და დავამშვიდე, რომელიც ტიროდა. იულია დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა მაღაზიიდან, რომელსაც დახვდა ატირებული ბავშვი. იულიამ იკითხა, რატომ ტიროდა ბავშვი, თუმცა, კონფლიქტის შესახებ, მისთვის არაფერი მომიყოლია, ვუთხარი, მოენატრა მამა-მეთქი“.
ანასტასია შატალოვას გამოკითხვის ოქმის თანახმად, მოგვიანებით, იმავე დღეს, მან ზურაბ ბერიძეს ავტოსკოლაში სწავლის საფასურის თანხის გადახდა სთხოვა, რაზეც კაცისგან კვლავ შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მიიღო:
„სასტიკი უარი მითხრა და დამემუქრა, ავტოსკოლისთის ფულს კი არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო. ვთხოვე, დამშვიდებულიყო და ბავშვის თანდასწრებით ნორმალურად მოქცეულიყო. იულიამ ბავშვი თავის ოთახში გაიყვანა დასაძინებლად, ხოლო მე წავედი ჩემს საძინებელში. უკან შემომყვა ზურაბ ბერიძე, რომელმაც დედის მისამართით დამიწყო გინება და ლანძღვა. შე, მეძავო და ნარკომანოო. ასევე დამემუქრა, მოგკლავ, კისერს გამოგჭრი და ფანჯრიდან გადაგაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო. ჩვენი საცხოვრებელი ბინა მრავალბინიანი სახლის მეექვსე სართულზე მდებარეობს და ამ მუქარის დროს ზურაბ ბერიძეს ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, შემეშინდა, გამიჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მართლა არ გადავეგდე მეექვსე სართულიდან და მართლა არ მოესპო ჩემთვის სიცოცხლე. ვთხოვე, გაჩერებულიყო და დამშვიდებულიყო, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა. იქვე, ოთახში, სამჯერ ჩამარტყა თავში გაშლილი ხელი და ერთხელ თმაში ძლიერად მომქაჩა. კერძოდ, მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დამარტყა სახეში, მარცხენა ლოყაზე და ერთხელ თავში, რის შედეგადაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს ოთახში ვიმყოფებოდით მარტო მე და ზურაბ ბერიძე და სხვა არავინ“.
შატალოვას გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ქალმა 112-ს დახმარების თხოვნით 21:45 წუთზე მიმართა:
„კონფლიქტის შემდეგ, ზურაბ ბერიძე სახლიდან წავიდა. ჩემი მობილური ტელეფონით დავრეკე 112-ში და შევატყობინე მომხდარის შესახებ. ვფიქრობდი, საერთოდ დამერეკა თუ არა პოლიციაში, ბოლოს ჩამოვყალიბდი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლებოდა. დარეკვიდან მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ვუთხარი მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც აღმომიჩინეს სათანადო დახმარება“, - ყვება ქალი.
პაატა შავაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, ზურაბ ბერიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავების განჩინება გასცა, თუმცა, შემდეგ, მოსამართლემ მას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა:
„ეს კაცი ამ პერიოდში საერთოდ დაიკარგა, არ ჩნდება აღარსად, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, სასამართლომ პროკურატურას დაუკმაყოფილა დაკავების განჩინება და ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მის მიმართა არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა და 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ეს არის ყველაზე დიდი სამართლებრივი ნონსენსი - ზნეობრივადაც და სამართლებრივადაც“.
შატალოვას ადვოკატი, პაატა შავაძე ასევე გვეუბნება, რომ ამავე გამოძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 ივნისს გამოიცა ზურაბ ბერიძის მიმართ 30-დღიანი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვადა 5 ივლისს ამოეწურა და ანასტასია შატალოვამ ადვოკატს მაშინვე სთხოვა დამცავი ორდერის გამოცემის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რაკიღა ანასტასია შატალოვა ამ დროს უკვე თბილისში ცხოვრობდა. პაატა შავაძის თქმით, ქალი დამცავი ორდერის მაქსიმალური ვადის, 9 თვის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, დამცავი ორდერის გამოცემამდე, ქალი 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მოკლეს:
„სასამართლო სხდომები მოწმეების დაკითხვის ფაზაში იყო შესული, 19 ოქტომბერს, 14 საათზე უნდა ყოფილიყო პროცესი, მაგრამ წინა ღამით დამირეკეს, პროცესი გადაიდოო. 11 საათი იყო დაწყებული, დავურეკე ანასტასიას, ვუთხარი, ანასტასია, პროცესი გადაიდო და იცოდე-მეთქი. ეწყინა, რატომ მიჭიანურებენ ამდენ ხანსო. დამავალა, გამერკვია გადადების მიზეზი“.
პაატა შავაძის თქმით, ბათუმში, ივნისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქალი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თუმცა, ბინა, რომელშიც ის თავდაპირველად შვილთან ერთად ცხოვრობდა, მალევე დატოვა და მისამართი შეიცვალა, რადგან ადვოკატის თქმით, მას ზურაბ ბერიძის ეშინოდა:
„ანასტასიას არ სურდა, რომ ზურაბს მისთვის მიეგნო. ის ბინა, რომელიც მას თბილისში ზურამ დაუქირავა, შეიცვალა და მალულად სხვა სახლში გადავიდა, სადაც ის შემდეგ მოკლული ნახეს. ამბობდა, რომ არ უნდოდა, ზურაბ ბერიძეს მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი სცოდნოდა“.
პაატა შავაძის ინფორმაციით, ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძეს ივნისის შემდეგ პირადი კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ. ადვოკატი ამბობს, რომ შატალოვას თქმით, ზურაბ ბერიძე შვილის შესახებ ინფორმაციას „სხვა ადამიანების საშუალებით იგებდა“.
რას ამბობს ზურაბ ბერიძის ადვოკატი?
ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს ბათუმის ყოფილი ვიცე მერი, ზურაბ ბერიძე. ის საგამოძიებო უწყებებმა 18 ოქტომბერს, დილით გამოკითხეს. მანამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, „მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე“.
რაც შეეხება მის ადვოკატს, ჯიმშერ არობელიძეს, ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამორიცხავს, როგორც ზურაბ ბერიძის რაიმე კავშირს, მომხდარ მკვლელობასთან, ისე ანასტასია შატალოვას იმ გამოკითხვის ოქმის შინაარსის ნამდვილობას, რომელიც ქალმა გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე მისცა ბათუმის საგამოძიებო უწყებებს:
„ანასტასია შატალოვაზე ძალადობის ფაქტს ზურაბ ბერიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, პირადად მე გამოკითხული მყავს მოწმეები, რომლებიც შეხვდნენ შატალოვას ამ ფაქტის შემდეგ, ელაპარაკნენ მას, მაგრამ შატალოვას მსგავსი ფაქტი არ დაუდასტურებია. პირიქით, შატალოვას ჰქონდა პირადი მიზნები, რომლის გამოც, შესაძლოა ძალადობასთან დაკავშირებით გააკეთა შეტყობინება. რეალურად, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩემს მიერ გამოკითხულ მოწმეებს, შატალოვამ განუცხადა, რომ ბერიძის მხრიდან არც მასზე და არც ბავშვზე რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამას, გარდა მოწმეებისა, ადასტურებს საქმეში არსებული სამხარაულის ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ ქალს დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ ეს გარემოება გაითვალისწინა და ამიტომ შეუფარდა ბერიძეს გირაო, თორემ მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობაზე მკაცრი პრაქტიკა გვაქვს“.
რაც შეეხება შატალოვას მკვლელობის ნაწილს, ჯიმშერ არობელიძე, სრულად გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის რაიმე შემხებლობას მომხდარ ფაქტთან და ამბობს, რომ ზურაბ ბერიძე დაინტერესებულია მაქსიმალურად დროულად იქნას გამოძიებული მკვლელობის ფაქტი:
„ზურაბ ბერიძეს არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერის პირობებიც კი, რადგან იცოდა, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ასევე იმის გამო, რომ მას ანასტასია შატალოვასთან კომუნიკაცია არ დაბრალებოდა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის სხდომებსაც კი არ ესწრებოდა. გარდა ამისა, ზურაბ ბერიძეს ანასტასია შატალოვას მოკვლა რომ სდომებოდა, სამი წელი სასამართლო დავებშია ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით, არაერთი ხარჯი გასწია, პირადი რეპუტაციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, ამ ყველაფერს ადამიანი თმობდა იმის გამო, რომ ის ეძებდა სამართალს და სამართლის მძებნელი ადამიანი ასეთ ქმედებას არ ჩაიდენს. ჩვენს პოზიციას ამყარებს ისიც, რომ ანასტასია შატალოვას საქმეზე გამოძიებამ სხვა პირები დააკავა“.
ჯიმშერ არობელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ზურაბ ბერიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და არ იცნობს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს.
შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - მკვლელობაში ბრალდებული შიმშილობს
27 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტზე, გამოძიებამ თბილისში, 19 ოქტომბერს სამი პირი დააკავა. მათგან ერთს, 37 წლის ბაჩუკი ლატარიას, გამოძიება ქალის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვას და ტარებას და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
ამავე საქმეზე დაკავებულ 33 წლის ბიძინა ხასაიას, გამოძიება ედავება პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, 44 წლის ლევან რაჯავს, გამოძიებამ მას ბრალი წარუდგინა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მას ბაჩუკი ლატარიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები. შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, „შემთხვევის ადგილიდან ბაჩუკი ლატარია დაუკავშირდა ბიძინა ხასაიას და დახმარება სთხოვა მიმალვაში. ბიძინა ხასაიამ ავტომანქანით მიაკითხა ლატარიას, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ლატარიას მიმალვაში დაეხმარა. გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ლატარიას ადგილსამყოფელი, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
პროკურატურის განცხადებითვე, „საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბიძინა ხასაიას ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლევან რაჯავის საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ხასაია დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. ხასაიას დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლევან რაჯავიმ, რითაც ისარგებლა ხასაიამ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა. ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ხასაიას პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული რაჯავის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ბაჩუკი ლატარიასა და ლევან რაჯავისთვის წაყენებული ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ბიძინა ხასაიასთვის წაყენებული ბრალი 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ბაჩუკი ლატარიას ადვოკატი, გიორგი ლაღიძე გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის რაიმე კავშირს მკვლელობის ფაქტთან. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ბაჩუკი ლატარია შიმშილობს და დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი ლაღიძის თქმით, მის ხელთ არსებულ საქმის მასალებში, არ დევს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბაჩუკი ლატარიას მკვლელობაში მონაწილეობას დაადასტურებდა. თუ სად იმყოფებოდა ლატარია მკვლელობის ღამეს, ადვოკატი ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ მისი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, პასუხისგან თავს შეიკავებს.
გიორგი ლაღიძის თქმითვე, ბაჩუკი ლატარია არ იცნობდა არც ანასტასია შატალოვას და არც ზურაბ ბერიძეს:
„ჩემი შეფასებაა, რომ აღნიშნულ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ არ დევს. ის საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მათთან მივიდა 40-მდე სამართალდამცავი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლესაც. გარდა ამისა, დაკავების დროს დაფიქსირდა სერიოზული დარღვევა, მას არ გადაეცა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, რაც არის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. საქმის კურსში ჩავაყენეთ ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველი, რომლის წარმომადგენელიც გუშინ შევიდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში და შეადგინა დარღვევებთან დაკავშირებით ოქმი. დაკავებულს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმებაც. ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნება აღნიშნული ოქმი და ამის შეფასებას მოგვიანებით გავაკეთებთ. მაგრამ ფაქტი ერთია, თავადაც და მეუღლეც აღნიშნავს, რომ მათზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და არა მარტო ფსიქოლოგიური“.
გიორგი ლაღიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა უთხრა ისიც, რომ გამოკითხვისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა:
„ქალაქის მთავარ სამმართველოში, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, პატიმარი გადამალული ჰყავდათ და არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ შევხვედროდით დაკავებულს. როდესაც უკვე გვიან შევხვდი, მითხრა, რომ სამმართველოში მას აჩვენებდნენ მოკლულის ფოტოებს და ეუბნებოდნენ, შენ როგორ უნდა იცხოვრო სუფთა სინდისით, ასეთი ახალგაზრდა გოგო მოკალიო. სხვადასხვა ადამიანები ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ეს არის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ბრალდებული მეუბნება, რომ არანაირი შეხება შატალოვასთან მას არ ჰქონია. მერწმუნეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ აქვს წარმოდგენა, ვის არის გარდაცვლილი ქალი. მას არანაირი შეხება არ ჰქონია არც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან“.
რატომ დავობდნენ შატალოვა და ბერიძე?
მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი, სამი წლის ლუკა ჰყავთ. შატალოვასა და ბერიძეს შორის, ბავშვის მეუვეობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს.
ნატალია შატალოვა საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად ერთი წლის წინ, მას შემდეგ მოექცა, რაც ის სატელევიზიო გადაცემაში, „ნანუკას შოუში“ გამოჩნდა და ისაუბრა ზურაბ ბერიძესა და მას შორის არსებულ დავაზე ილაპარაკა.
როგორც ქალი ყვებოდა, მან ზურაბ ბერიძე 2018 წელს, თბილისში გაიცნო: „მითხრა, რომ არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და იყო მარტოხელა. არ ვიცოდი, რომ ჰყავდა ოჯახი და მეუღლე".
მისი თქმით, მალევე, ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ის საცხოვრებლად ბათუმში გადაიყვანა, სადაც გაიგო, რომ კაცს შვილები ჰყავდა: "მითხრა, რომ შვილები გაუჩინა ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ჯვარი ჰქონდა დაწერილი და ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ“, - ყვებოდა ქალი გადაცემაში. ანასტასია შატალოვას თქმით, სწორედ მას შემდეგ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა.
როგორც ქალი ამბობდა, ზურავ ბერიძე მის დისკრედიტაციას ცდილობდა და ბეჭდის მოპარვაც დააბრალა. კორონავირუსის პანდემიისას კი კომენდანტის საათის დროს, ჩვილთან ერთად სახლიდან გააგდო. ანასტასია შატალოვა ირწმუნებოდა, რომ მას კაცი მუდმივად ავიწროებდა და მასზე ძალადობდა.
სატელევიზიო შოუში სტუმრობისას, ქალმა თქვა ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, ზურაბ ბერიძემ მისგან შვილი მოტყუებით წაიყვანა და მას აღარ უბრუნებდა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ ბერიძემ მიმართა პოლიციას და მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა, რათა ქალს მხოლოდ მესამე პირის მონაწილეობით შეძლებოდა შვილის ნახვა. ამის შემდეგ შატალოვამ შვილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.
როგორც პაატა შავაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ დროისათვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა და დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრა:
„ბერიძემ მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელ სახლად მისი სახლის განსაზღვრა, თუმცა ჩვენ შესაგებლით მოვითხოვეთ დედის სახლის განსაზღვრა. მოთხოვნიდან ერთ კვირაში ბავშვი უკვე ანასტასიასთან ცხოვრობდა, დამიკმაყოფილეს შუამდგომლობა და ბავშვი ბერიძისგან შატალოვასთან გადაიყვანეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მე მინდა მოვუწოდო სასამართლოს, რომ თუნდაც იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ანასტასიამ 4 ივნისს გამოძიებას მისცა, არ გადასცენ ბავშვი მამას. ამ კაცს არა თუ ქალის, ბავშვის მიმართ ძალადობაშიც კი ედება ბრალი“.
20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ანასტასია შატალოვას გარდაცვალების საქმის გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას ითხოვს რუსეთი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, რუსეთის ინტერესთა სექციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, 19 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა ნოტა თხოვნით, წარუდგინონ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაცია.
გარდა ამისა, რუსული მხარე ითხოვს საჭირო სამართლებრივ დახმარებას ანასტასია შატალოვას მამისთვის ცხედრის რაც შეიძლება სწრაფად გადასაცემად. რუსეთის ინტერესთა სექციის ცნობითვე, საკონსულო განყოფილების თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ დაღუპულის მამასთან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთქმედებით იღებენ ყველა ზომას, შატალოვას საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის რუსეთის მოქალაქე არასრუწლოვანი ვაჟის ინტერესების დასაცავად.
მოკლული ქალის ოჯახი თვლის, რომ მათი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და მოითხოვენ, გამოძიება, არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დამკვეთის კვალზეც გავიდეს. მედიისათვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში, ანასტასია შატალოვას დედა ამბობს, რომ მის შვილს კონფლიქტი მხოლოდ ზურაბ ბერიძესთან ჰქონდა: "მომხდარის დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი ის, რასაც მედია გადმოსცემს. ჩემ შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია. ჩემი ქმარი დღეს ჩამოვიდა თბილისში. სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს", - თქვა 19 ოქტომბერს, მედიისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ანასტასია შატალოვას დედამ.