Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SKELETON 29 - დახვრეტილთა სასაფლაო


SKELETON 29 - დახვრეტილთა სასაფლაო
please wait

No media source currently available

0:00 0:22:37 0:00

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, დიდი ტერორის დროს, სიკვდილმისჯილების დახვრეტის ზუსტი ადგილი თითქმის ასი წლის განმავლობაში არავინ იცოდა. ისტორიკოსებმა და მკვლევრებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ თბილისთან, ქუთაისთან, სოხუმსა და ბათუმთან ახლოს არსებულ პოლიგონებზე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2017 წელს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას უცნობმა ადამიანმა მიმართა, რომელმაც ვინაობის საიდუმლოდ დატოვება არჩია და სასულიერო პირებს დახვრეტილების ზუსტი სამარხი მიასწავლა. ასე დაიწყო გათხრების პროცესი და მალე, პირველად გათხრილ 4 სამარხში 150-მდე ნეშტი იპოვეს - ყველა თავის ქალას ნატყვიარი ეტყობოდა.

ეპარქიამ ეს ამბავი 2 წლის შემდეგ, 2019 წელს გაასაჯაროვა - ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლდა, სავარაუდოდ, აჭარაში დახვრეტილი 621 ადამიანის სიაც - თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არასრული სია იყო.

მალევე გახმაურდა ნეშტების დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებაც, მაგრამ რადგან სავარაუდოდ, დახვრეტილთა შორის, აჭარელი მუსლიმებიც იყვნენ, მუსლიმთა მთავარმა სამმართველომ ითხოვა, ჯერ ყველა ნეშტს ჩასატარებოდა დნმ-ის ანალიზი და თუ ვინაობა მაინც ვერ დადგინდებოდა, ნეშტები ნეიტრალურ სასაფლაოზე დაეკრძალათ.

პროცესში ჯერ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთო, შეიქმნა საკითხის შემსწავლელი კომისიაც. დაკრძალვა გადაიდო - გათხრები კი გაგრძელდა. შემდეგ, ამ თემით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც დაინტერესდა, რომელიც დიდი ხანია რეპრესირებულების საკითხს იკვლევს და ამჯერადაც IDFI-მ არქივში აჭარაში დახვრეტილთა სიების მოძიება დაიწყო...

2022 წლის თებერვალში დახვრეტილთა სამარხში კიდევ 29 ახალი ნეშტი იპოვეს. ეს რაოდენობა ზუსტად დაემთხვა IDFI-ის მიერ არქივში მოძიებულ რეპრესირებულთა ერთ-ერთ სიას.

პოლონელ არქეოლოგთა ჯგუფი საქართველოში სწორედ მათ მოიწვიეს. არქეოლოგებს პოლონელი ანთროპოლოგებიც მოჰყვნენ, რომლემაც ნეშტებიდან დნმ-ის ანალიზები აიღეს. პასუხები 2022 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.

მაგრამ სანამ კვლევის პროცესი გრძელდება, ბათუმის პოლიგონზე რამდენიმე წლის წინ პირველად ნაპოვნი ნეშტები ამ დრომდე ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფში რჩება და მათ ნესტი აფუჭებს. მათი წესის მიხედვით დაკრძალვა ჭიანურდება.

ბოლოს ნაპოვნ 29 ნეშტს შორის, შესაძლოა იყოს 85 წლის ლამარა ამირანაშვილი (ჩხაიძის) მამის, გედევან ჩხაიძის ნეშტიც, რომელიც ბათუმში 1938 წლის მარტში დახვრიტეს, ლამარა კი გააშვილეს. ახლა ლამარა სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მოლოდინშია - მან დნმ-ის ანალიზი უკვე ჩააბარა და იმედი აქვს, რომ მოიძებნება თანხა და მის დნმ-ს შეადარებენ 29 ნეშტის დნმ-ებს.

თუ სახელმწიფო ამ კვლევისთვის საჭირო თანხას გამონახავს, ლამარას, დღეს მისთვის ყველაზე მთავარ კითხვაზე ექნება პასუხი.

XS
SM
MD
LG