ვლადიმირ პუტინის გარემოცვა ბორის ჯონსონის გადადგომამ ძალიან გაახარა.
„ძალიან არ ვუყვარვართ. არც ჩვენ გვიყვარს”, - რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ლაკონიური იყო.
მმართველი პარტიის „ედინაია როსიას” თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი კი სარკასტულია. „უკრაინის საუკეთესო მეგობრები მიდიან. გამარჯვება საფრთხეშია! ესეც პირველი”, - დაწერა მან ტელეგრამზე.
რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ, რომელსაც ომის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ორი მილიარდი გირვანქის ქონება გაუყინა, ბორის ჯონსონს „უსახელო სულელი კლოუნი” უწოდა და თქვა, რომ ეს მისთვის „უსახელო დასასრულია”.
„მის სინდისზე ათეულობით ათასი სიცოცხლეა უკრაინაში მიმდინარე ამ უაზრო კონფლიქტში”, - თქვა მან.
“უკრაინის ნამდვილი მეგობარი”
რუსეთის სიხარული არავის გაკვირვებია - ბორის ჯონსონი უკრაინას ომის დაწყების დღიდანვე ეხმარება. კრემლი ერჩის ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას და, შესაბამისად, ეხმარება რუსული ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
თუმცა ჯონსონის მხარდაჭერა გამორჩეული იყო. ამისთვის „უკრაინის ნამდვილი მეგობარი” უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.
პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს, თბილისის დროით 15 საათზე განაცხადა. იქიდან საათ-ნახევარში კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. როგორც გამოცემა როიტერსს ჯონსონთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მან დაარწმუნა ზელენსკი, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
როიტერსმა დაითვალა, რომ ომის დაწყების დღიდან ჯონსონი ზელენსკის სულ 21-ჯერ ელაპარაკა, ანუ საშუალოდ 6 დღეში ერთხელ. ხშირად საუბრის დასაწყისში ზელენსკი უბრალოდ ჩამოთვლიდა ხოლმე იარაღს, რომლის შეძენასაც ჯონსონს სთხოვდა, - ჰყვება როიტერსის წყარო. ამ დროისთვის უკრაინისთვის გაგზავნილი სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
თუმცა დიდი ბრიტანეთი არა მხოლოდ ყიდულობდა და აგზავნიდა შეიარაღებას უკრაინაში, არამედ სხვებსაც ეხმარებოდა მის მიწოდებაში.
მაგალითად, მაისში, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს დანიიდან ხომალდის საწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებისთვის.
“სანერვიულო არაფერია”
მთავარი კითხვა, რომელიც ახლა უკრაინაში აწუხებთ, გააგრძელდება კი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ჯონსონის გადადგომის შემდეგ? ომის დაწყებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ დასავლეთი მალე არჩევანის წინაშე დადგება - გააგრძელოს უკრაინის იარაღით მომარაგება თუ უბიძგოს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, თუნდაც ტერიტორიების დაკარგვის ფასად.
BBC წერს, რომ რუსეთს საზეიმო არაფერი აქვს და ბრიტანეთის ხელისუფლებაში შესაკრებთა გადანაცვლებით „ჯამი” არ შეიცვლება. მინისტრები, პრემიერობის მსურველები და მმართველი კონსერვატიული პარტიის სხვა წევრები მხარს უჭერენ უკრაინას. მათ შორის იმიტომ, რომ უკრაინას მხარს უჭერს ბრიტანული საზოგადოება.
ნაიჯელ გულდ-დევისი, ბელარუსში დიდი ბრიტანეთის ყოფიილი წარმომადგენელი, დარწმუნებულია, რომ ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ლონდონის პოზიციას.
„ეს მხარდაჭერა არ არის პრემიერ-მინისტრის პირადი პოლიტიკა, ეს ქვეყნის პოლიტიკაა. ორივე მსხვილ პარტიაში, მათ პოლიტიკოსებს შორის, საზოგადოებასა და კერძო სექტორში, ყველგან კონსენსუსია ამ საკითხზე”, - უთხრა მან BBC-ს.
თანაც, გულდ-დევისის თქმით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობას ინარჩუნებს, ამიტომ ჯერჯერობით უკრაინისთვის არც იარაღის მიწოდება შენელდება.
იმავე აზრზეა გენერალი რიჩარდ ბერონსიც, რომელიც ადრე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა.
„დროებითი პრემიერი ვინც არ უნდა იყოს და პრემიერობის ყველა კანდიდატიც შეინარჩუნებენ ამჟამინდელ კურსს, რადგან დიდი ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის მთავარ დასავლელ დამცველად ხედავს”, - თქვა მან.
აი, საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, Geostrategy-ს დამფუძნებელი, ჯეიმს როჯერსი კი ამბობს, რომ ომით გამოწვეული ფასების ზრდის ფონზე ახალ პრემიერ-მინისტრს შეიძლება გაუჭირდეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ადამიანებმა შეიძლება ვერ გაიგონ, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ომს, რომელმაც შეიძლება წლები გასტანოს, - უთხრა მან როიტერსს.
„ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ან ახლა დავხარჯავთ ფულს რუსეთის უკრაინაში შეჩერებაზე, ან სადმე სხვაგან უკვე გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს”, - ამბობს როჯერსი.
ვინ იქნება შემდეგი?
მომდევნო პრემიერი დიდი ბრიტანეთის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ უნდა აირჩიოს. BBC წერს, რომ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯონსონის 3 პოტენციური მემკვიდრე გამოიკვეთა:
- მოქმედი თავდაცვის მინისტრი - ბენ უოლესი. ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე ის მოსკოვში ჩავიდა და გააფრთხილა რუსი კოლეგა, სერგეი შოიგუ, რომ უკრაინაში შეჭრა დაუშვებელია. ომის დაწყების შემდეგ კი თქვა, რომ რუსეთი „ფაშიზმისა და ტირანიის ანარეკლია”.
- ყოფილი თავდაცვის მინისტრი - პენი მორდონტი
- ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც თანამდებობა ახლახან, 5 ივლისს დატოვა.
5 და 6 ივლისს, თანამდებობა მინისტრებმა და მთავრობის ათეულობით წევრმა დატოვეს. მიზეზი - ბორის ჯონსონმა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ადამიანი დანიშნა საკუთარ ადმინისტრაციაში, თან ისე, რომ იცოდა ბრალდებების შესახებ.
ბორის ჯონსონი თავდაპირველად გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 7 ივლისს თქვა, რომ დაემორჩილება საკუთარი პარტიის ნებას.
იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერი აღარაა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კი დატოვებს მას შემდეგ, რაც კონსერვატორები ახალ თავმჯდომარეს (და მომავალ პრემიერს) აირჩევენ. თავად ჯონსონის თქმით, ამას შესაძლოა „რამდენიმე კვირა ან „რამდენიმე თვე” დასჭირდეს.