"ბუზთა ბატონი"(1963, რეჟისორი პიტერ ბრუკი, დიდი ბრიტანეთი)
პიტერ ბრუკი გარდაიცვალა. დიდი რეფორმატორი, კაცი, რომლის შემოქმედება მეოცე საუკუნის კულტურის თავისებური სარკეა, რომელმაც გააცოცხლა და "გააბრაზა" არა მარტო თეატრალური ხელოვნება, არამედ თეატრის მაყურებელიც. პიტერ ბრუკისთვის თეატრი არასდროს გადაქცეულა ვიწრო სივრცედ, მაყურებლისგან რამპით გამიჯნულ სცენად. თუმცა რამპას ის თეატრის ენისთვისაც უარყოფდა - მუდმივად ამდიდრებდა სასცენო კულტურას ხელოვნების სხვა დარგებით, მათ შორის, ცხადია, კინოთი.
"ბუზთა ბატონი" ძალიან მოეწონა ნობელის პრემიის ლაურეატს უილიამ გოლდინგს, 1954 წელს გამოცემული, ამავე სახელწოდების წიგნის ავტორს. არადა, თავად პიტერ ბრუკი მაინცდამაინც კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო შედეგით - თითქმის ოთხსაათიანი მასალა მას ჯერ კანის კინოფესტივალის დირექციამ შეამოკლებინა (სურათი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს), შემდეგ კი ამერიკელმა დისტრიბუტორებმა, რომლებმაც გოლდინგის წიგნის ეკრანიზაცია საათ-ნახევრამდე დაიყვანეს. შედეგი სახეზეა - "ბუზების ბატონის" კინემატოგრაფიულ ვერსიას აშკარად აკლია პერსონაჟების ფსიქოლოგიური განვითარება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მონტაჟი ბოლომდე არაა გააზრებული და ბევრია უხეში ჭრა, რომლებიც მნიშვნელოვნად აზიანებს ფილმის რიტმს (არადა, პიტერ ბრუკის ნამუშევარია! ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური არტისტისა მეოცე საუკუნეში). ამიტომ ხანდახან მეჩვენება, რომ ბავშვები, უბრალოდ, თამაშობენ "რობინზონ კრუზოს" ისტორიას, ვიდრე ცხოვრობენ კამერის წინ. სწორედ აქ შეიძლება გაგვახსენდეს, რომ ბრუკი თეატრის რეჟისორია და უფრო სპექტაკლს დგამს, ვიდრე ეკრანულ სანახაობას... ამას დაუმატეთ სასკოლო მარშის მუსიკა, რომელიც მუდმივად ხელს გვიშლის საერთო ატმოსფეროს აღქმაში.
მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, როცა გაიაზრებთ, რომ დრომ ერთგვარად გადაფარა "ბუზთა ბატონის" ხარვეზები და ნელ-ნელა დაამსგავსა უნიკალურ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუყუროთ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გოლდინგის შედევრის კინემატოგრაფიული ვერსია დღესაც კი მოკლებულია პოლიტკორექტულობას. იმხანად, 1963 წელს ხომ საერთოდ - პიტერ ბრუკი თუ გაბედავდა და გადაიღებდა ფილმს, რომლის ნახვა... მასში მონაწილე მსახიობებს აეკრძალათ; "ბუზთა ბატონს" თითქმის ყველა ქვეყანაში დაადეს გრიფი "16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის", რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მასში გადაღებული მსახიობები კანის ფესტივალზეც კი, სურათის მსოფლიო პრემიერაზე, დარბაზში არ შეეშვათ. არადა, ბრუკის სოციალურ სატირაში, რომელიც გამოხატავს პროცესს (!) ცივილიზებული ადამიანის გადაქცევისა ძალაუფლებას მოწყურებულ ჯალათად, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები მონაწილეობენ.
პიტერ ბრუკის ფილმი ლიტერატურულ პირველწყაროს "ამოკლებს", თუმცა ძირითადი სიუჟეტური ხაზი შენარჩუნებულია: ავიაკატასტროფის შემდეგ, უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ბიჭები თავის გადარჩენას ცდილობენ. ამ თამაშ-თამაშში იბადება ყველა ის თემა, რომელიც აღელვებდა და აღელვებს კაცობრიობას: ბუნება/კულტურა, ძალაუფლება, გადარჩენის ინსტინქტი, მსხვერპლშეწირვის რიტუალები, სხეულის მოდიფიკაცია, კოლექტიური არაცნობიერი, ბულინგი... ბავშვობა არანაირად არაა გაიდეალებული, როგორც ამას ბევრი აკეთებს ხოლმე. პირიქით, სწორედ ბავშვებში გადაეჯაჭვება ერთმანეთს სისასტიკე და გულუბრყვილობა. უმანკოება, რომელსაც ბავშვებს მიაწერენ ხოლმე, სრული ილუზია აღმოჩნდება. ბავშვური თამაში ტრაგიკულად დასრულდება. წითური ბიჭუნა, დამჯერი და "ჩასაყლაპი", ბავშვობიდან ეკლესიის გუნდში რომ მღეროდა, სისხლის სუნზე იღგზნება და ჩვენ თვალწინ ველურდება. აღმოჩნდება, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ბავშვური ღლიცინით გამოიხატება, აბნელებს გონებას და აბსოლუტურად დესტრუქციულია თავისი არსით.
მაგრამ არც გოლდინგის წიგნი და არც პიტერ ბრუკის ფილმი არაა მხოლოდ ველური ინსტინქტების კვლევა და მოწოდება მათი გააზრებისკენ. 50-იან წლებში, როცა წიგნი გამოიცა, ანდა 1963 წელს, როცა შედგა პიტერ ბრუკის ფილმის პრემიერა, მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროების ქვეშ ცხოვრობდა. აშკარა გახდა, რომ სამყარომ ბოლომდე მაინც ვერ გააცნობიერა ნაციზმის ბოროტება, რადგანაც ადამიანებს გაუჭირდათ აღიარება - ძალადობის მიმართ მიდრეკილება ერთგვარი პირველადი ინსტინქტია, რომლის დათრგუნვას ვერა და ვერ ვახერხებთ. მაგრამ ბრუკის ფილმს სიღრმეს და ტკივილს "ბანალური ფროიდიზმი" არ ანიჭებს. "ბუზთა ბატონი" გვხიბლავს პირველ რიგში სასტიკი სიმართლის თქმის ნიჭით, გამოუვალობის დაუვიწყარი სურათით. ესაა "პესიმიზმის შედევრი", სრულიად თავისუფალი შეგონებებისა და პათეტიკისგან.
მასების მანიპულაცია არც ისე რთულია - იმისათვის რომ ხალხი ფარად აქციო, მუდმივად უნდა შეუქმნა მტრის ხატი, ელაპარაკო საშიშროებაზე, ხიფათზე, რომელიც დაარღვევს მყუდროებას და "ომით" დასრულდება. ადამიანების მიდრეკილება სტაბილური და უსაფრთხო ცხოვრებისკენ ხშირად მთავრდება ასე - ჩნდება ძალა, რომელიც იწყებს როგორც დიდი დემოკრატი, მოდის სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით და როგორც კი განიმტკიცებს ძალაუფლებას, იმის "შეჭმაზეც" გადადის, ვინც აირჩია. ეს ისტორია ლამის კიტჩად იქცა უკვე. თითქოს ათასჯერ განცდილია და გააზრებული. მაგრამ საშველი არაა. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ დრომოჭმული და სქემატურია, მაინც მეორდება და მეორდება.
"ბუზთა ბატონში" ცივილიზაციას ტირანი ეუფლება და მას, ცივილიზაციას, არანაირი რესურსი არ გააჩნია ძალადობისგან თავის დასაცავად. ეს დაინახა "ბუზთა ბატონში" პიტერ ბრუკის სურათით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა. მათ შორის, უილიამ გოლდინგმა. თუმცა დღეს ეს ანტიუტოპია აღიქმება არა მარტო როგორც ნაციზმის ალეგორია - ვუყურებთ პიტერ ბრუკის ფილმს და თვალნათლივ ვხედავთ დღევანელ "პუტინის მსოფლიოს".