თელავის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობის, “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ, პარტიების, "ქართული ოცნების" და „კონსერვატიული მოძრაობის", ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დახვდნენ.
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილი და მოძრაობა “შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი ბუკა პეტრიაშვილი.
"თქვენი მხარდამჭერი ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას და თქვენ გინდათ ახლა მუზეუმში შესვლა? მითხარით, რომ გმობთ ბერძენიშვილის გამოსვლას, რატომ არ ამბობთ. თქვენი კურსი არის ამორალური. იტყუებით და გაიძახით, რომ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში შესვლა არ უნდა", - მიმართა კოჭლოშვილმა პეტრიაშვილს.
კოჭლოშვილის გარდა, აქციაზე იმყოფებოდნენ თელავის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ალექსანდრე შათირიშვილი და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გია კარჭაული.
მათ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს.
მოგვიანებით სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" წევრები მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მათი განცხადებით, წინააღმდეგობა "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი კამპანიაა და მას ევროპულ კურსთან საერთო არაფერი აქვს.
"ეს ყველაფერი არის ხელოვნური, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს თემები იწვევდეს ასეთ რეაქციას ბუნებრივად. ეს, როგორც ჩანს, არის „ქართული ოცნების“ დავალება, ამ ადამიანების მიმართ მე პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, ვეუბნები, რომ საქართველო უნდა გადარჩეს ევროკავშირში", - უთხრა მედიის წარმომადგენლებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.
დღეს, 30 ივნისს, მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა, 3 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში მათთვის მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელის შეშლისა და ძალადობის გამო. მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
"შინ ევროპისკენ" მოუწოდებს მმართველ პარტიას, „შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“. მოძრაობის წევრები მიმართავენ პოლიციელებს, „უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები“.
- სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
- ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
- 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
- ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისსაც გაიმართა.
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი. მისი სიტყვებით, დემოკრატია ასე არ მუშაობს.
- 27 ივნისს პატია "ლელომ" განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის მოთხოვნილი ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო" მიიჩნევს: „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".
- 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.