Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტერენტის ისტორია გაყალბებულია“ - ტერენტი გრანელის ნამდვილი და ყალბი ბიოგრაფია


აქ სხვები წერენ ქალის ფეხებზე, როცა მე ვუმღერ საშინელებას“, - როცა ტერენტი გრანელი ამას ამბობდა, 20-იანი წლები იდგა, საბჭოთა ტოტალიტარიზმი ძალას იკრებდა. მოგვიანებით ის ბევრ მწერალს შეიწირავს, ბევრი ჩაყოლას ამჯობინებს. გრანელს საბჭოთა წყობის სადიდებლად ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. პოეტი და პოლიტიკური პარტიის წევრი მთელი ცხოვრება რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ახლა ვარაუდობენ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ის სწორედ ამის გამო გამოკეტეს. გრანელის ნათესავი მამანტი როგავა იმასაც ფიქრობს, რომ პოეტი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მოკლეს.

ტერენტი არ იყო ფსიქიკური ავადმყოფი. მას წიგნები ჰქონდა გამოსაცემად მიცემული, არც ბეჭდავდნენ და არც ხელნაწერებს უბრუნებდნენ. ერთხელაც იჩხუბა ამის გამო. დაუძახეს მილიციას, რომელმაც ის თბილისის ფსიქიატრიულში მიიყვანა. იქ უთხრეს, არ არის ეს ჩვენი პაციენტიო. ამის მერე გადაიყვანეს სურამში, საიდანაც ისევ თბილისში გამოიქცა.

ბოლო წიგნი რომ ჩააბარა გამოსაცემად, მესამე დღესარამიანცისმორგში იპოვეს მკვდარი. ისე დამარხეს, სიტყვაც არავის უთქვამს. არც დებისთვის შეუტყობინებიათ, ორი კვირის მერე გაიგო მაშომ“, - ჰყვება მამანტი როგავა, ტერენტი გრანელის დის, ზოზიას შვილიშვილი.

რატომ და რამდენად მიუღებელი იყო ტერენტი გრანელი სისტემისთვის? პოეტი, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს, 1897 წელს დაიბადა, ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს გაიცნო.

„მე და პოეტი ზურა რთველიაშვილი მეზობლები ვიყავით. 80-იანი წლებია. უცებ ზურა მორბის ჩემთან გაგიჟებული, აზრზე არა ხარ, რა პოეტი აღმოვაჩინეო, ვინ-მეთქი და ტერენტი გრანელიო. არც მე გამეგო მანამდე, არც მას. ბიბლიოთეკაში წავედი, გამოვიტანე წიგნი და რომ გადავშალე, დღემდე გადაშლილი მიდევს მაგიდაზე“, - ჰყვება პოეტი გიორგი ბუნდოვანი.

ტერენტი გრანელი ასე აღმოაჩინა თითქმის ყველამ, ვისაც პოეზია უყვარდა, მაგრამ საბჭოთა სკოლა დაამთავრა. სკოლაში გრანელს არ ასწავლიდნენ. მისი წიგნიც ძნელად იშოვებოდა.

ლერი ალიმონაკი
ლერი ალიმონაკი

„ტერენტი 17-19 წლის იყო, როდესაც წალენჯიხიდან წერდა წერილებსსახალხო საქმეში“, „ახალ ნაკადში“. ეს გაზეთები ეროვნული დამოუკიდებლობისკენ მიილტვოდნენ. უკვე მაშინ ეს პატარა ბიჭი სწორ ნიადაგზე იდგა, როდესაც ამბობდა, რომ ბოლშევიკური ბანდები შემოესივნენ ქვეყანასო. სრულიად ბავშვი დადგა იმ პოზიციებზე, რასაც ჯერ ილია ჭავჭავაძე ქადაგებდა და შემდეგ კი სოციალ-ფედერალისტებმა აიტაცეს. ტერენტი გრანელი ამ პარტიის წევრი იყო. არ შეიძლება ტერენტი ეპოქის კონტექსტიდან ამოვაგდოთ. იმპერატორო, რად დაივიწყე მამის საფლავზე სანთლის დანთებაო, ასე მიმართავდა ისჩვენსბელადს [სტალინს - ..], მაშინ როცა სხვები ბელადებს ოდებს და პოემებს უძღვნიდნენ. ტერენტი გრანელი თავისუფების იდეას ბოლომდე შეეწირა“, - თქვა ლერი ალიმონაკმა ტერენტი გრანელის სახელობის ფესტივალზე, რომელიც ივნისში წალენჯიხაში გაიმართა და იმასაც მოჰყვა, თუ რა დავიდარებად უჯდებოდათ ტერენტის პუბლიკაციების საბჭოთა პერიოდიკაში დაბეჭდვა, - ტერენტი გრანელის პუბლიცისტიკა 1968 წელს გამოვაქვეყნეთ. მივუსხედით რედაქტორს აქეთ-იქიდან ორი კაცი, აქ რევოლუციაზე არის ლაპარაკიო - ვეუბნებით. რედაქტორმა, რაღაცას მატყუებთ თქვენ მეო. მართლა მოვატყუეთ. დაიბეჭდა და მერე მოყვა კიდეც ამას უსიამოვნება“.

იმპერატორო, შენ დიქტატორო,

მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,

მამის საფლავზე რად დაგავიწყდა

აგენთო თუნდაც ერთი სანთელი“.

ეს ლექსი ტერენტი გრანელმა სტალინს მიუძღვნა. გარდა იმისა, რომ ლექსებს წერდა, ტერენტი პოლიტიკური პარტიის წევრიც იყო. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია 1895 წელს „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ ჯგუფში ჩაისახა. პარტია ითხოვდა საქართველოს ავტონომიას რუსეთისგან ფედერალიზმის საფუძველზე. აფხაზეთსა და ოსეთს ამ შემთხვევაში ფართო თვითმმართველობები მიენიჭებოდათ.

ტერენტი გრანელი მთლიანად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ეს მისი პუბლიკაციებიდანაც ჩანს.

1917 წელი: „ამხანაგებო, თქვენ ხმა არ უნდა მისცეთ იმ პარტიას, რომელიც პროლეტარიზაციას აღიარებს და რომელსაც მუშა-ხალხის გაღატაკება აუცილებლად მიაჩნიათ. ხმას ნუ მისცემთ ამ პარტიის სოციალ-დემოკრატიის სიას N1.

ამხანაგებო, თქვენ ხმა არ უნდა მისცეთ იმ პარტიას, რომელიც კაპიტალისტურ ბურჟუაზიულ ბანაკშია მოთავსებული. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია...“

1918 წელი: „აქაურ სოფლებში ისევ ბნელა და სიმართლის თქმა სასტიკად აკრძალულია, რაც სრულებით არ შეესაბამება ახალ სამართალს

1918 წელი: „დაბა ოჩამჩირე... ამ დაბაში იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს, ხალხი გარუსებულია... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნიათ ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით. დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას, ამისთვის ჩემის აზრით, წერაც ზედმეტია

1919 წლის 26 მაისი: „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დღევანდელ ზეიმში მხურვალე მონაწილეობას მიიღებს ქართველი და ამით ერთხელ კიდევ დავუმტკიცებთ ჩვენს მტრებს, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა და უნარი, შევინარჩუნოთ ეროვნული თავისუფლება. დეე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება და არავის ნებას არ მივცემთ, აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები.

დღეს საქართველოს მუშათა კლასის უდიდესი მოვალეობაა, ერთი მხრივ შეინარჩუნოს ეროვნული თავისუფლება, და მეორე მხრივ კი ყური უგდოს დასავლეთ ევროპის მუშათა კლასის რევოლუციურ მოძრაობას

„ტერენტის ისტორია გაყალბებულია. „მემენტო მორიმან რეჟიმის წინააღმდეგ დაწერა, ამის გამო მოხვდა ფსიქიატრიულში. ტერენტი ღამ-ღამობით დადიოდა ქალაქში, ვის ოჯახს აწიოკებდნენ, ვის ასახლებდნენ, შესაძლოა იცოდა ეს ყველაფერი. ის არავის ეპუებოდა, ამიტომაც საშიში იყო რეჟიმისთვის და დევნიდნენ“, - ამბობს ბროლისა ლუკავა, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის დირექტორი.

ფიქრის ტრიალი ისევ მოშალეს,

ისევ ხმაურის დადგა დროება.

აქ სხვები წერენ მხოლოდ დროშაზე,

როცა მე ვუმღერ უსაზღვროებას.

ჩნდება ფიქრები შორეულ ალზე,

ვიცი ეს გრძნობა არ მოისპობა.

აქ სხვები სწერენ მხოლოდ ნამგალზე,

როცა მე ვუმღერ მარადისობას“.

ტერენტი გრანელი

გივი ცქიტიშვილის წიგნში შესულია ტერენტი გრანელის მოგონება დახვრეტილ იუნკრებზე. ერთი ვერსიით, მაშინ დახოცილებთან ერთად დაჭრილებიც ცოცხლად დამარხეს.

იცი სად ვიყავი წუხელ?! წყაროს ქუჩა ხომ იცი? – წარმოიდგინე და გამაჟრჟოლა! აქ ქვემოთ ხრამში ორიოდე დღის წინ 1924 წლის გამოსვლების მონაწილეთა დიდი ჯგუფი დახვრიტეს… – იქ ვიყავი წუხელ! დაცვას დავუსხლტი ხელიდან! იცი, საკუთარი თავი შემჯავრდა, ისეთი რბილი იყო მიწა, ფეხი შიგ მეფლობოდა, ფეხქვეშ ადამიანის სისხლის სუნი მცემდა, მეგონა მეც ამ სისხლთან მიწაში ვეფლობოდიგამოვაღწიე!.. სხვამ ყველამ გული ფულზე გაყიდა, პოეტებს შორის მე დავრჩი წმინდა“…

ვარაუდობენ, რომ ცოცხლად დამარხულ იუნკრებზეა დაწერილი ტერენტი გრანელის ეს ლექსიც:

ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა,

მოვიდა ქარი, ხე შეარხია

და საქართველო ეს ის მხარეა,

სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.

ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარეა,

შორს გაუსხლავი ლურჯია ბაღი

და საქართველო ეს ის მხარეა,

სადაც ცოცხალი მარხია ხალხი“.

თავის წიგნში „ჩემი გვარი გრანელი“ ლერი ალიმონაკი წერს, რომ უკვე გამარჯვებული ტოტალიტარული რეჟიმი 30-იან წლებში შანთითა და მახვილით დევნიდა ყველაფერს, რაც სულიერ საგანძურს უკავშირდებოდა.

ცხადია [საბჭოთა რეჟიმი] დევნის ტერენტი გრანელსაც, მაგრამ დევნის ყველაზე საზარელი ფორმით: მას გიჟის ხალათს აცმევს და ასახლებს სურამში. სასტიკი მარტოობისა და ამაოების ოთხი წელი გაატარა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით შეპატიმრებულმა პოეტმა. ბოლოს გამორბის სათაყვანებელ თბილისში („თბილისი წმინდა თავშესაფარი, თბილისი მინდა, როგორც საფლავი“), გამორბის, კიდევ ერთხელ რომ მოეფეროს თბილისსა და თბილისელებს, გამოეთხოვოს წმინდა ადგილებს და, როგორც მიუსაფარმა ბოგანომ, ისე დაამთავროს წამებული ცხოვრება არამიანცისეულ საავადმყოფოში“.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარელა წოწორიაც ამბობს, რომ არამიანცის საავადმყოფოში ტერენტი უპატრონოდ გარდაიცვალა. მაშინ ის 36 წლის იყო.

ამბობენ, რომ დიზენტერიით. ის მაშინდელმა სინამდვილემ გარიყა... ვერ აუღო ალღო, ვერ დაეწია, არ იკადრა, არ დაწერა... მისი შემოქმედება მერეც ტაბუირებული იყო. ლერი ალიმონაკი კარდაკარ დადიოდა და ასე აგროვებდა ცნობებს“.

პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტერენტი გრანელი რამდენიმე კაცმა გადაასვენა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობაც კი არ გამოქვეყნებულა. წლების შემდეგ სასაფლაოზე მისულ ლერი ალიმონაკს ტერენტის სამარის მიგნებაში ადგილობრივი მღვდელი დაეხმარა. საფლავი გაძარცვული დახვდა. ალიმონაკმა თავად იშოვა გრანიტის ქვა, რომ საფლავზე დაედო.

უკვე ოთხმოციან წლებში ტერენტის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. თუმცა ამ გადასვენებას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. ახალგაზრდების ჯგუფი ითხოვდა, გრანელის ცხედარი ან პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაეტოვებინათ, ან პირდაპირ მთაწმინდაზე დაეკრძალათ.

პოეტი გიორგი ბუნდოვანი, რომელიც ამ მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, იხსენებს, რომ მაშინ ტერენტი მთაწმინდისთვის „საკადრისად“ არ მიიჩნიეს.

იდგა შუადღე, ვამბობდი: დაო, მინდა ალერსი.

ჩანდა საყდარი და სასაფლაო პეტრე-პავლესი“.

ტერენტი გრანელი

ტენენტი სულ სასაფლაოებზე დადიოდა, მაგრამ პეტრე-პავლეს სასაფლაო განსაკუთრებით უყვარდა. უცხო მიცვალებულებს მიჰყვებოდა, ყველა რომ წავიდოდა, ის რჩებოდა ხოლმე საფლავზე. სამრეკლოზე ათევდა ღამეს, ახალ წელსაც შეხვედრია იქ ჭიქა ღვინით და პურის ნაჭერით.

პირველად რომ ამოთხარეს, სანამ ექსჰუმაციის კომისია მოვიდოდა, ისევ მივაყარე მიწა. მეორედ ამოთხარეს, ისევ დავაყარე მიწა და საფლავშიც ჩავწექი, რომ არ გადაესვენებინათ. მერე ერთ ღამეს ჩუმად გადაასვენეს. ჩვენ 2 საათზე წავედით სახლებში და დილით 7 საათზე რომ მივედით, უკვე აღარ დაგვხვდა.

შემდეგ ყიდდნენ იმ ადგილს, სადაც ადრე ტერენტი იყო დამარხული. სტუდენტებმა ფული შევაგროვეთ და იქ მემორიალური დაფა დავდე, ახლაც დევს.

მემორიალური დაფა ტერენტი გრანელის ყოფილ საფლავზე
მემორიალური დაფა ტერენტი გრანელის ყოფილ საფლავზე

საფლავის ქვა რატომღაც შუაში გადაჭრეს. ერთი ნაწილი წალენჯიხაში წაიღეს, სახლ-მუზეუმის ეზოში, მეორე იქვე ეგდო კარგა ხანი. მერე, რომ არ გაფუჭებულიყო, მე წავიღე სახლში, 15 წელი ოთახში მედო.

ტერენტი გრანელის საფლავის ქვის ნაწილი წალენჯიხაში
ტერენტი გრანელის საფლავის ქვის ნაწილი წალენჯიხაში

ერთხელ ჩვენს სახლში აკადემიკოსი ოთარ ეგაძე მოვიდა, ადრე ამ სახლში ვცხოვრობდი და თუ შეიძლება, დავათვალიეროო. ჩემს ოთახს რომ მიადგა, გაშრა კაცი, ცალკე ტერენტი გრანელის ქვა და კედლებზეც სულ ტერენტის სურათები მქონდა. და ყვება ასეთ ამბავს. ამ ოთახში მამიდას როიალი ედგა და შოპენს უკრავდა ხოლმე, ტერენტი რუსული ეკლესიიდან ჩამოივლიდა და ქუჩაში დამდგარი უსმენდა. ხშირად ვეპატიჟებოდი, მაგრამ არასოდეს შემოსულაო. ერთხელ კი თურმე ასეთი რაღაც უთხრა, მოვა დრო, მე ამ სახლში სულ სხვანაირად გამიგებენ და დამაფასებენო, - იხსენებს გიორგი ბუნდოვანი, - სხვათა შორის, ტერენტის დაწერილიც აქვს - მოვდივარ ეკლესიიდან, მივუყვები ქუჩას, ვჩერდები ფანჯარასთან, ქალის ხელები უკრავენ შოპენს“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG