Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვზივარ პატარა კუნძულზე და ვფიქრობ თვითმკვლელობაზე“


ლადო გუდიაშვილს ტერენტი გრანელის ორი პორტრეტი აქვს დახატული, ორივე ტუშით. მხატვარი პირადად იცნობდა პოეტს.

ტერენტი გრანელის პორტრეტი. - ავტ. ლადო გუდიაშვილი
ტერენტი გრანელის პორტრეტი. - ავტ. ლადო გუდიაშვილი

"საოცრად კითხულობდა ლექსებს, დახვეწილი ინტონაციებით. მას ჰქონდა რაღაც მაგიური უნარი წამსვე დაემყარებინა კავშირი მსმენელთან. ეს არ იყო ის უნარი, რასაც მჭერმეტყველებასა და არტისტულობას უწოდებენ; არა ეს სრულიად სხვა იყო, მხოლოდ მისეული. გამოარჩევდით ჩაცმულობითაც, სიარულისა და დგომის მანერითაც კი. მაშინვე იტყოდით, პოეტიაო. უნდა ვთქვა, რომ მისი ცხოვრების ბედი საოცრად ჰგავს ფიროსმანის ცხოვრების ბედს. თითქოს ორივეს ცხოვრებას ერთი ბედისწერა წარმართავდა. ბუნებითაც ჰგავდნენ ერთმანეთს; ორივეს უყვარდა სასაფლაო, ეკლესია და სამრეკლოებზე ღამის თევა" - ეს ყველაფერი ლადო გუდიაშვილმა 1967 წელს მოუყვა ლერი ალიმონაკს.

ჩანაწერი პოეტის დღიურში: „კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ. ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: “ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს“. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი“.

ტერენტი გრანელის მკვლევარი 1969 წელსაც შეხვდა მხატვარს და მოგონენების ჩაწერა სთხოვა.

„წერა არ მეხერხება, უმჯობესია დავხატავო“, - უთქვამს გუდიაშვილს და ტუშით დაუხატავს ტერენტი გრანელის ორი პორტრეტი.

ალექსანდრე აბაშელის არქივში შემონახულია 1928 წლის 18 იანვრით დათარიღებული წერილი, რომლის ავტორი 75 წლის ზაქარია ჭიჭინაძეა, ადრესატი კი - ალ. აბაშელი.

"ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო სანდრო (საშა)!

ტერენტი გრანელის შენახვით მოვბეზრდი, მე ეხლა სახლი აღარ მაქვს, ერთ ოთახში ვდგავარ, აქვე მიწყვია შენი წიგნები. ტერენტის ჩემთან დგომა აღარ შეიძლება, რადგან ალაგი აღარ მაქვს, ვინაიდგან ჩემი ოთახი ისეთია, რომ შიგ ძაღლი არ შეიგდება.ტერენტის არ აქვს ლოგინი, არა აქვს კუშეტკა, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და სხვაც კიდევ სხვანი. მე რომ ლოგინი წავართო, მაშინ იგი ძირს უნდა ეგდოს იატაკზედ ულოგინოდ. ამისთვის საჭირო არის, რომ 50 მანეთი იშოვნოს, რომ ლოგინი შეიძინოს, ტახტი, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და ნიფხავ-პერანგი.

იქონიეთ ამისი სიბრალული, ტიტველა იყო, ნიფხავ-პერანგი ტანზედ სულ შემოხეული ჰქონდა. მე ვუყიდე. 3 მანეთი მივეცი, კოსტუმიც მე ვუყიდე. მე არ მაქვს შეძლება და ამიტომ გატყობინებთ, რომ თქვენ უპატრონოთ ამ კაცს, რომ იგი ქუჩაში არ მოკვდეს. ამისათვის საჭიროა სულ 50 მანეთი, რომ ყველაფერი შეიძინოს და ოთახში ცალკე დადგეს. გთხოვთ მაცნობოთ პატარა წერილით, მოახერხებთ თუ არა დახმარებას? თქვენი პატივისმცემელი ზაქარია ჭიჭინაძე. 1928 წლის 18 იანვარი."

ამ დროისთვის ტერენტი გრანელს უკვე გამოცემული აქვს თავისი ლექსების უკანასკნელი, მეოთხე წიგნი და, როგორც აკაკი ანდრიაშვილი იხსენებს, ეწყება „კოშმარული ჰალუცინაციები“, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე, მთელი ექვსი წელი გაგრძელდება:

"ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო“.

ჩაანწერი პოეტის დღიურიში: ვზივარ ოთახში და ვფიქრობ, სამშაბათს მოვიკლა თავი, გადავვარდე ვერის ხიდიდან. ...დილის ცხრა საათია, მივდივარ ვერის პარკში, გავიარე ახალი ხიდი; ახლა ვზივარ პატარა კუნძულზე და ვფიქრობ თვითმკვლელობაზე. აქეთ-იქით მიდის მტკვარი. არ ვიცი, საიდან მომესმა არღნის ხმა, ვტოვებ კუნძულს. შევდივარ ჩემი მეგობრის ინასარის ბინაში. ვსაუბრობ. დღეს ღრუბლიანი დღეა. ხვალ ვაპირებ თავის მოკვლას“.

ზაქარია ჭიჭინაძე ტერენტი გრანელზე 3 წლით ადრე, 1931 წლის 17 დეკენმბერს აღესრულება 78 წლის ასაკში, ტერენტი გრანელს კი 37 წლამდე ერთი თვე დააკლდება.

არავინ მოდის და მეც ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.

10 ოქტომბერი ტერენტი გრანელის გარდაცვალების დღეა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG