საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესულ ცვლილებებზე ვეტოს შესახებ.
„სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იყო საკმარისი არგუმენტები წარდგენილი და გაზიარებულიც. ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, გაუგებარია, ამ შემთხვევაში ვეტო რატომ იყო გამოყენებული? ვეტოს შემთხვევაში კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან სათანადო არგუმენტაცია არსებობს. შემდეგ სესიაზე, რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვეტოს დაძლევას პარლამენტში ხმების იგივე რაოდენობა (76 ხმა) სჭირდება, რაც კანონის მიღებას.
„თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, - ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად იყენებს ვეტოს უფლებას, ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ.
7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.
ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.