Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელის შეფასებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიღებული ცვლილებები ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. დიპლომატის კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ჰარცელი მიიჩნევს, რომ ახალმიღებული ცვლილებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. როგორც ელჩი აღნიშნავს, ცვლილებების დამტკიცებამდე ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა შესთავაზა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე.

ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. ის მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მთავრობას ასევე მოუწოდებს, დიპლომატიურ საზოგადოებას აცნობოს დაპირებული გამოძიების შედეგები, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც 2021 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.

„სუსის ფაილების" სახელით 2021 წელს გავრცელებულ ჩანაწერებში, ელჩებიც ფიგურირებდნენ.

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

ცვლილებების შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება. ამასთან, ახალმიღებული ცვლილებების თანახმად, ფარული მოსმენები 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, შესაძლოა, იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება ცვლილებით გათვალისწინებულ, სისხლის სამართლის კოდექსის 100 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის საქმეზე მიმდინარეობს. ფარული მიყურადების სუბიექტს, 100 დანაშაულის შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი შეატყობინონ ამის შესახებ.

XS
SM
MD
LG