საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.
საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც ელჩებიც ფიგურირებდნენ.
"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში", - ვკითხულობთ მიმართვაში.
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
"სუს-იდან გამოჟონილ" სავარაუდო ფაილებზე საუბრის დროს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.
"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენ სერიოზულად ვიღებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს კითხვებს აჩენს, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის ახლო მეგობრის და პარტნიორის მხრიდან. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელში ჩვენს სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილი გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი", - განაცხადა ჰარცელმა 22 სექტემბერს.