საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად იყენებს ვეტოს უფლებას - პრეზიდენტმა ვეტო ე.წ. მოსმენების კანონს დაადო.
„ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, აქამდე ვეტოს არ იყენებდა, რადგან იცოდა, რომ დაძლეული იქნებოდა და ეს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის „არ ვარგა“.
ახლა, მისივე თქმით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველა იმ კანონს დაადებს ვეტოს, რომლებიც იქნება „მიღებული არასწორი მიმართულებით“.
7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.
ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.