თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე „შინ ევროპისკენ", მოისმინეს პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიმართვა. მან ილაპარაკა ქართველი ხალხის პროევროპულობის შესახებ.
„ჩემს ქართველ სტაჟიორ ირინასთან ერთად მინდა მოგმართოთ ამ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპელია", - თქვა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ, ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები", - თქვა ევროპარლამენტარმა.
17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.