ევროპარლამენტის წევრმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ის აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება „დეოლიგარქიზაცია".
„საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი [„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის]. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიული პროცესების შესახებ მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობას ეკისრება.
კომისია გარკვევით ამბობს: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზე არის საუბარი.
გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომელიც ძალაუფლების ჩრდილში რჩება.
ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლის საჩუქარი. ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებულები იყავით, რომ ვითარება უიმედო არ არის, თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომლებმაც გამოცადეს საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები, კრემლის მეგობრები", - თქვა ევროპარლამენტარმა ვიდეომიმართვაში.
თბილისში მიმდინარეობს აქცია „შინ ევროპისკენ".
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.