Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის გზავნილები და მისი ადრესატები


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ერთობლივი შეკრება იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი 14 ივნისს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. „გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა“, - თქვა პრეზიდენტმა.

იპოდრომზე მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილმა 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ შეკრიბა და სპონტანურად მისულ ათასობით ადამიანს მაშინ უთხრა ცნობილი ფრაზა: "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან".

17 წლის შემდეგ, ზურაბიშვილი მიტინგს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის წინაშე ერთიანობის დემონსტრირებისთვის აწყობს.

მან 20 ივნისს დაგეგმილი აქციის - "შინ ევროპისკენ"- გაუქმება სთხოვა სამოქალაქო აქტივისტებს.

სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტების გარდა, პრეზიდენტის ადრესატები იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები, თუმცა მან ყველაზე დიდი დრო „ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. ამავე დროს პრეზიდენტმა დაიცვა მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, მისივე მხარდაჭერილი ხელისუფლებისგან.

„გაფუჭებული საქმე!“ - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ბრიუსელში ჩასულს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, დახვდა „გაფუჭებული საქმე!“, რაც, მისი აზრით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველაზე ნათლად იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ის მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის შესახებ შეტანილ ჩანაწერზე ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას, სწორედ, „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. „თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო“, - მიმართა მან „ქართულ ოცნებას“.

სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა ხელისუფლების რამდენიმე ნაბიჯი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. მათ შორის არის:

  • პირველ რიგში შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება;
  • შემდეგ 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, ქმედითი გადაწყვეტილებების არმიღება;
  • 75-მილიონევროიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმა ისე, რომ "ჩვენ ეს არ გვჭირდება, რაში გვჭირდება“.

გვარამიას დაკავება

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთას ზურაბიშვილმა „უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“ უწოდა. „მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას კი. და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ“, - თქვა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილს მისი შესაძლო შეწყალების საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

"არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!" - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 ივნისს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე, მას შემდეგ, რაც მის განცხადებას საქართველოს ევროპული მომავლის უალტერნატივობის შესახებ მოჰყვა მსჯელობა, ხომ არ აპირებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას.

„ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია...“

ზურაბიშვილი წუხს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაანაწყენა ევროპარლამენტარები და მისივე შეფასებით, ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP). „დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით... თუ არ მიგვიღო...ფარდას ავხდიო! არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი“, - ამბობს პრეზიდენტი.

სანქციები - მოლდოვის მაგალითი

პრეზიდენტი ხელისუფლებას საყვედურობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გამოხატული პოზიციის გამო. „სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და ნაწილი მოსახლეობისთვის მაინც: თან შევუერთდით (და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებთან) თან ვამბობთ, რომ არ ვამბობთ, და ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე და ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, რომ ვეუბნებით, „უშედეგო იქნებაო“, წარმოგვიდგენია თუ ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს. და ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ზურაბიშვილი. გარდა ამისა, ის „მეორე ფრონტის“ თემას მოგონილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აშშ-იდან და ევროპიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა მეორე ფრონტის შესახებ.

„ერთადერთი საიდანაც, მართალია, გაისმა მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით, რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება რაღაც მომენტში გაუჩნდეს იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ“, - დააზუსტა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვამ, რომელიც საქართველოს მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყანაა, გააკეთა ის, რაც "ჩვენ გვიჭირს".

„კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა - „სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა“ ასევე გაღიზიანებას აჩენს ყველა ჩვენი პარტნიორებისგან, რამეთუ ადვილია ამაზე პასუხი: თუნდაც, ის, რაც გააკეთა მოლდოვამ ... ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არავის არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები, არც ომში ჩართვა არავის მისგან არ მოუთხოვია და არც ჩვენგან. მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც, როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს - გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია.

ეს ყველაფერი, ცხადია, კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნების და მზადყოფნის შესახებ“, - ამბობს ზურაბიშვილი.

იზოლაციის საფრთხე

პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების შედეგად იზოლაციის საფრთხე ხედავს. მისი თქმით, „იზოლაცია, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და რაც ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის შექმნილი მითი!“

ოპოზიცია

ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიცია არაერთხელ ახსენა. ის ხელისუფლების ოპონენტებს რადიკალურ ფრთად და კონსტრუქციულ, პროევროპულ ოპოზიციად ყოფს. „ოპოზიციამ, და უფრო სწორად, მისმა რადიკალურ ფრთამ, ცხადია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშა“, - აცხადებს ის. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი, ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლებაა.

ამავე დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამით ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“.

წერილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურუსლა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც, ზურაბიშვილის თქმით, აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის. ზურაბიშვილმა ლაიენს გაახსენა, რომ, როდესაც ის გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო, ქართველი ჯარისკაცები გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგენენ ავღანეთში.

15 ივნისს ზურაბიშვილი პერსონალური წერილების გაგზავნას გეგმავს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მეთაურებისთვის. ის აცხადებს, რომ მათ წარუდგენს პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

XS
SM
MD
LG