Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CREA: უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა საწვავის ექსპორტით 93 მილიარდი ევრო მიიღო


ბელგიაში, გერმანიის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: "არა გაზს და ნავთობს რუსეთიდან". 2022 წლის 11 მარტი
ბელგიაში, გერმანიის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: "არა გაზს და ნავთობს რუსეთიდან". 2022 წლის 11 მარტი

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა წიაღისეული საწვავის(ნავთობი, გაზი, ნახშირი) ექსპორტის შედეგად მიიღო 93 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს.

საერთაშორისო ცენტრმა დღეს, 13 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში „პუტინის ომის დაფინანსება“, რომლის თანახმად, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს. მათ მიერ განხორციელებული იმპორტის შედეგად, რუსეთმა მიიღო დაახლოებით 57 მილიარდი ევროს შემოსავალი.

CREA-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთიდან ყველაზე მეტი, 12.6 მილიარდი ევროს წიაღისეული საწვავი შეიძინა ჩინეთმა. მას მოსდევენ:

  • გერმანია(12.1 მილიარდი);
  • იტალია(7.8 მილიარდი);
  • ნიდერლანდი(7.8 მილიარდი);
  • თურქეთი(6.7 მილიარდი);
  • პოლონეთი(4.4 მილიარდი);
  • საფრანგეთი(4.3 მილიარდი).
  • ინდოეთი(3.4 მილიარდი).

უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ რუსეთს სრულად დაუბლოკონ ომის დაფინანსების მთავარი წყარო - ენერგომატარებლები. ევროკავშირის სანქციების ამ დროისთვის ბოლო, მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ და ნაწილობრივ აკრძალვას.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იყვნენ. გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.

უკრაინის ნაცვლად ბალტიის ზღვის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუსეთმა ააშენა ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", თუმცა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

XS
SM
MD
LG