Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპი: ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის

ტრამპი: ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში Truth Social საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა:

"თეთრ სახლში დღეს გვქონდა ძალიან საგულისხმო შეხვედრა. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. გასაოცარია, რა ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით - რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, [ამ ქვეყნისთვის] სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა.

უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის.

მანამდე ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.

ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ს წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.

ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.

"თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით", - უთხრა ტრამპმა ზელენსკის ერთ მომენტში და მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა.

საუბარში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც - მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპი დაეთანხმა.

"ხალხი იხოცება... თქვენ ჯარისკაცები გელევათ", - უთხრა ტრამპმა ზელენსკის.

ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ ვითარებიდან გადის. ამასთან, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა მომგებიან პოზიციებზე არ არის.

ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით.

ზელენსკი - რომლის ქვეყანამაც რუსეთთან ბრძოლაში მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და მორალური მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან - ტრამპისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციის წინაშეა. ტრამპს სურს სწრაფად დასრულდეს სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, გააუმჯობესოს კავშირები რუსეთთან და დაიბრუნოს ფული, რომელიც აშშ-მა უკრაინაზე დახარჯა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG