ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედებაზე. ბრიუსელში გვიან ღამით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას.
სანქციები გავრცელდება ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და დროებით გამონაკლისი იქნება მილსადენით ტრანსპორტირებული ნედლი ნავთობი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიღებაზე და ამ ეტაპზე ემბარგოს გარეშე ტოვებს მილსადენ „დრუჟბას“, რომლითაც რუსეთი ნავთობს აწვდის ევროპის ქვეყნებს.
შესაბამისად, დაკმაყოფილებულია უნგრეთის მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრ ორბანის მთავრობა რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს მოწინააღმდეგეა იმ მოტივით, რომ ეს უნგრეთის ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება.
სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ს, ხოლო წლის ბოლოსთვის აკრძალული იქნება ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90%.
ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირის მიზანია რუსეთის ომის მანქანის შეჩერება და მისთვის დაფინანსების გზების მოჭრა.
ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვის გარდა, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან, SWIFT-იდან, უმსხვილესი რუსული ბანკის, „სბერბანკ“-ის გათიშვას და რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას. პერსონალური სანქციები ამოქმედდება უკრაინაში ომის დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. კონკრეტული სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ევროკომისიამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტი მაისის დასაწყისისთვის მოამზადა, თუმცა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის მიმართ ძირითადად უნგრეთის უარყოფითი პოზიციის გამო.
სააგენტო "ბლუმბერგი" წერს, რომ საზღვაო გზით ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის იმპორტის აკრძალვით, რუსეთი წელიწადში დაკარგავს დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს, ხოლო თუ მილსადენი "დრუჟბა" ნავთობს აღარ მიაწვდის პოლონეთს და გერმანიას, რუსეთის დანაკარგი კიდევ 12 მილიარდი დოლარი იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გერმანია და პოლონეთი წლის ბოლომდე გეგმავენ მილსადენით რუსული ნავთობის იმპორტის მთლიანად შეწყვეტას, რის შემდეგაც აკრძალვის ქვეშ მოექცევა რუსული ნავთობის 90%.