Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი ხუნდაძის შეფასებას ემოციის გამოხატვად აფასებს და ამბობს, რომ ეს ევროკავშირზე უარს არ ნიშნავს


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი თანაპარტიელის, დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს ევროკავშირთან დაკავშირებით, ემოციის გამოხატვად აფასებს. ხუნდაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა" უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას გაერთიანების წევრობის კანდიდატობაზე, თუკი უსამართლო ვალდებულებებს მიიღებს. ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ევროპული არჩევანის გადახედვა არ განიხილება.

"არავის აქვს უფლება იმისა, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას - ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა - ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით...

ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს - ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ პოზიციას გადახედოთ... - საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის". "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მან თქვა, რომ "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის გარდა, რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

XS
SM
MD
LG