Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრემიერის“ პოსტზე გაგლოევმა სამშენებლო კომპანიის დირექტორი წარადგინა


ცხინვალი, ე.წ. მთავრობის სახლი
ცხინვალი, ე.წ. მთავრობის სახლი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, შესაძლოა, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ჩაუდგეს სათავეში.

დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა დღეს ე.წ. პარლამენტს „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობაზე კონსტანტინ ჯუსოევის კანდიდატურის განხილვის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ი იტყობინება.

კონსტანტინ ჯუსოევი 54 წლისაა. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის ფილიალი „ლითონმჭრელი ჩარხებისა და ინსტრუმენტების“ სპეციალობით.

1993-2011 წლებში ჯუსოევი სამშენებლო კომპანია «Приличный“-ს გენერალური დირექტორი იყო, 2011 წლიდან კი სამშენებლო კომპანია „Мегаполис“-ს ხელმძღვანელობს.

ჯუსოევის კომპანიები მონაწილეობდნენ ცხინვალში რამდენიმე ობიექტის მშენებლობაში - საცხოვრებელი კორპუსი ტაბოლოვის ქუჩაზე, „სევერნის“ მიკრორაიონში, ასევე სამთავრობო შენობები და უნივერსიტეტი, სამების მართლმადიდებლური ეკლესია.

ალან გაგლოევი „პრეზიდენტის უფლებამოსილებას“ 24 მაისს შეუდგა, ამავე დღეს გადადგა ე.წ. მთავრობა. დე ფაქტო პრემიერის უფლებამოსილების შესრულებას გენადი ბეკოევი განაგრძობს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კონსტიტუციით“, "პრემიერს პრეზიდენტი ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით“.

XS
SM
MD
LG