საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას წერილით მიმართავს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მოსაზრებებს უზიარებს, „ისტორიულ მომენტში, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე“. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მხედველობაში აქვს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ოთხშაბათს დაგეგმილი დებატები, დისკუსია, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ამ საკითხზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.
პაპუაშვილი მეცოლას შეახსენებს იმ „შთამბეჭდავ პროგრესს“, რომელსაც „დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია“.
„პირადად მე, ჩემს პარტიას „ქართული ოცნება“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამი თვის წინ შევიტანეთ, ამ თვეში კი მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს“, - წერს შალვა პაპუაშვილი და მოჰყავს არგუმენტები, რატომ აცხადებს დარწმუნებით, „რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“.
- საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობის ინტენსიურად დანერგვა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო;
- ევროპასთან ერთად ვაშენებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
- ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები. საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება[დაიმსახურა];
- [საქართველოს] 2017 წლიდან აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში; 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და მას შემდეგ განახორციელა აღნიშნული შეთანხმების 45 პროცენტი;
- ევროკავშირის წევრობის ყველაზე ახლო ასპირანტ ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში - პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სექტორული/ეკონომიკური თანამშრომლობა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ.
საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით“, - წერს პაპუაშვილი
და აგრძელებს, რომ გამოწვევების არსებობის მიუხედავად, „საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „მოუთმენლად ელის ასეთ მხარდაჭერას“.
ოთხშაბათს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ბოლო პერიოდში მედიაგარემოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
ძირითადად, კრიტიკა ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.
ლექსო ლაშქარავას, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ოპერატორის, გარდაცვალება ევროპის საბჭომ შეიტანა 2021 წლის ანგარიშში - „პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობის და კონფლიქტების დროს“. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.
2021 წლის 5 ივლისის ძალადობაზე საუბარია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, რომელმაც დამაჯერებლად არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე არის კიდევ ერთი სადავო საკითხი. გვარამიას დაკავება - "რუსთავი 2"-ის დირექტორობისას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის „მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს რამდენიმე დღეში ელოდება.