ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენემ (ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი) ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მხარდამჭერი ღია წერილით მიმართეს.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია წარმოადგენს რეკომენდაციებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპულ საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. კუბილიუსი და იუკნევიჩიენე მიუთითებენ, რომ ამ ღია წერილით სურთ საქართველოს პოლიტიკური ძალების და ქართველი ხალხის გამხნევება, რომ იმედი არ გაუცრუვდეთ, თუკი შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, არამედ გააერთიანონ ძალები საერთო საქმისთვის - საქართველოს ევროკავშირში შეყვანისთვის.
ღია წერილის ავტორები თავდაპირველად ეხებიან ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებსა და უკუსვლას.
„დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იყო დაწინაურებული ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე წლის წინ აკადემიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველო იყო საუკეთესოდ მომზადებული არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ფონზეც კი. თუმცა, დღეს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში დომინირებს აღქმა, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში ვითარება გაუარესდა. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ახლანდელმა მთავრობამ არასათანადოდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს მოწინავე ადგილი შეენარჩუნებინა ევროინტეგრაციის პროცესში. ამან მნიშვნელოვნად გაართულა საქართველოს მეგობრების საქმეც ევროკავშირსა და აშშ-ში“, - ნათქვამია წერილში.
ოლიგარქიზაცია
ევროპარლამენტის წევრები ხაზგასმით მიუთითებენ ოლიგარქიზაციის შესახებ და პარალელს მოლდოვის უახლოეს წარსულთან ავლებენ. ამასთან, ღია წერილში ყურადღება არის გამახვილებული „შარლ მიშელის შეთანხმების“ შეუსრულებლობაზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.
„გარე დამკვირვებლის თვალით, [საქართველოს] სურათი ახლა საკმაოდ ბნელია. ოლიგარქიზაცია და საბოლოოდ - პოლარიზაცია საქართველოში ძლიერ კონცენტრირებული რჩება ერთი პირის ხელში, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. მოლდოვას, მაგალითად, ჰქონდა იგივე პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან დაკავშირებით, მაგრამ მან მოახერხა მათი მოგვარება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის საშუალებით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ყველას კარგად გემახსოვრებათ, როგორი ზეგავლენა იქონია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ, რითაც შესაძლებელია გამოსავალზე დასკვნის გამოტანა. დასანანია, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გადასაჭრელად და საქართველოს პროევროპულ დღის წესრიგზე გადასაყვანად ევროკავშირის უმაღლესი დონის ძალისხმევა - „შარლ მიშელის შეთანხმება“ - დღემდე არ სრულდება. მეტიც, ის იყო ევროკომისია შეუდგა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე რეკომენდაციებზე მუშაობას, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რითაც საქართველოს სურათს კიდევ ერთი შავი ლაქა დაემატა“, - წერენ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე.
ურთიერთობა უკრაინასთან
ღია წერილის ავტორები ასევე ინტერესდებიან უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიციით. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინა იმსახურებს ურყევ მხარდაჭერას.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა და ევროკავშირის სანქციებზე, რთულად გასაგებია. უკრაინელები იცავენ არა მხოლოდ თავიანთ ტერიტორიასა და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ ფასეულობებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. უკრაინა იმსახურებს ურყევ მხარდაჭერას ყველა ჩვენგანისგან და იმის მარტივად გაგებას, რომ უკრაინა, როგორც ყინულმჭრელი, კანდიდატობის სტატუსისკენ კარს უხსნის მოლდოვასა და საქართველოს. ვიცით, რომ ასე ფიქრობს ქართველი ხალხიც“, - ვკითხულობთ ღია წერილში.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ძალებს ხედავენ ქვეყნის მმართველ წრეებში. „მთლიანობაში, ზოგჯერ ჩვენ არ შეგვიძლია დახმარება, მაგრამ ვთვლით, რომ ვიღაც საქართველოს მმართველ წრეებში აკეთებს ყველაფერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაჩერებლად. თუკი ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და დიდი გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის“, - აცხადებენ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე.
„მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არასაკმარისია გაწევრიანებისთვის“
ორი ევროპარლამენტარი ღია წერილში წარმოაჩენს, რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ისინი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ.
„ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს სრულ სურათს, როცა აფასებს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნას. დემოკრატიის პატივისცემა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკანონმდებლო და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis). ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურ კრიტერიუმებს ძალიან გულდასმით აკვირდებიან. არის ძალიან მკაფიო ისტორიული მაგალითები, როცა აპლიკანტ ქვეყანაში არსებული არადემოკრატიული ტენდენციები არა მხოლოდ მკაცრად იყო გაკრიტიკებული ევროკავშირის მიერ, არამედ ამას შეუჩერებია ქვეყნის ევროკავშირში მიღება.
ასე დაემართა სლოვაკეთს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისას, ვლადიმირ მეჩიარის პრემიერ-მინისტრობის დროს. მეჩიარის მიერ ძალაუფლების მოხვეჭამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა შედეგად მოიტანა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ ვერ მიიღო მიწვევა, რომ შეერთებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს და დაეწყო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. იმ დროისთვის სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა ძლიერად უჭერდა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არასაკმარისია გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ეფექტიანად ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. გაწევრიანების პირველ ჯგუფთან დაწევა მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა 1998 წელს მეჩიარი დამარცხდა არჩევნებში. ახალი მთავრობა მიკულაშ ძურინდას ხელმძღვანელობით ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა - მას უნდა გამოესწორებინა სლოვაკეთის დაზიანებული საერთაშორისო სახე და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი სწორდებოდა. მათ წარმატებას მიაღწიეს და სლოვაკეთი 2004 წლიდან წარმატებით არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - წერენ პოლიტიკოსები.
წერილში ლაპარაკია მთავრობის, ოპოზიციისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ განაპირობებს ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვიერად დარწმუნება, არამედ ამას განაპირობებს რეალური მოწადინება და ძალისხმევის ერთიანობა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუკი ეს გამოწვევა ამ მთავრობისთვის ზედმეტად დიდია, არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადასაბარებლად, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაბღაუჭების ნაცვლად. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა, რომ გარკვეულ საკითხებზე მაღლა დადგნენ და ქართველ ხალხს წარუდგინონ ევროინტეგრაციის სარწმუნო სტრატეგია და უჩვენონ სანდო ლიდერობა, რაც სჭირდება ასეთი ამოცანის შესრულებას.
თუკი ეს არ მოხდება, ვითარება შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როცა საქართველოს ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რას ირჩევენ - ახლანდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბ. ივანიშვილითა და „ქართული ოცნებით“ ქვეყნის სათავეში თუ საქართველოს ევროპულ მომავალს“, - ვკითხულობთ ღია წერილში.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს რამდენიმე დღეში ელოდება.