Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერენტი გრანელის სამშობლო - წალენჯიხა ახალი ლიტერატურული ფესტივალის მასპინძელი ხდება


წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები, თბილისი, 6 ივნისი, 2022 წელი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები, თბილისი, 6 ივნისი, 2022 წელი

წალენჯიხაში მის ისტორიაში პირველი ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება - 17-18 და 19 ივნისს, ფესტივალ „გრანელის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, წალენჯიხის გარდა, ჯვარი და საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ფახულანი უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და წალენჯიხის მერიის ორგანიზებით ტარდება - ასოციაციას, ამ ფესტივალის დაფუძნების და მისი სწორედ წალენჯიხაში ჩატარების თხოვნით წალენჯიხის მერიამ მიმართა. „გრანელის“ მხარდამჭერი კი წალენჯიხის განვითარების ჯგუფია. ფესტივალში მონაწილეობას არა მხოლოდ თბილისიდან ჩასული, არამედ სამეგრელოში მცხოვრები ავტორებიც მიიღებენ.

„ჩვენ შეგვიძლია, წალენჯიხა, სადაც 125 წლის წინ დაიბადა ტერენტი გრანელი, გადავაქციოთ სამეგრელოს ლიტერატურულ ცენტრადაც“, - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე გვანცა ჯობავა.

გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

„თავისუფალ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები ქმნიან, თავისუფლება ღირებულებებია, ღირებულებები - განათლებაა, ხოლო ეს განათლება და ღირებულებები ტექსტებზე დგას. მე ვფიქრობ, რომ მომავალში, ჩვენს განწყობებს და შემონათვალს გაიგებენ აფხაზებიც, აფხაზი ავტორებიც, გაიგებენ უკრაინის და ყველა ერის თავისუფალი ადამიანებიც... წალენჯიხის ფესტივალი კი გახდება ჩვენსა და აფხაზებს შორის გაწყვეტილი ძაფების შეერთების მოტივატორი და გზა“, - ასე გამოეხმაურა თავად წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ფესტივალის დაარსებას.

2021 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში, წალენჯიხის მერის პოსტზე ოპოზიციური პარტიის კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, არაერთი პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ წალენჯიხა უნდა ქცეულიყო დემოკრატიის ცენტრად. ზოგიერთი მათგანი იქ ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა.
ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნებაც, გარკვეულწილად, ამ გეგმის ნაწილია.
ლიტფესტივალამდე წალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) გახსნა ახალი ოფისი – „დემოკრატიის ჰაბი”.
ასევე, ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - თიბისი IT აკადემიის ხელშეწყობით.

რატომ წალენჯიხა? - ამაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარ რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია უპასუხებს, რომ ეს არის ტერენტი გრანელის, ლეო ქიაჩელის, ნიკოლოზ შენგელაიას, დანიელ ფიფიას, კალისტრატე სალიას სამშობლოა, სივრცე, რომელსაც ტრადიციულად მოსდგამს წიგნიერების, ლიტერატურის, კულტურის სიყვარული.

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

„ამიტომ მგონია, რომ ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ტრადიციასაც და საბაბიც იქნება იმის, რომ რეგიონში ძალიან წარმატებული და თან სასარგებლო ფესტივალი გაიმართოს“.

ომი და მშვიდობა, ევროპული ღირებულებების გზა იქნება წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის მთავარი სასაუბრო თემა.

ფესტივალის ორგანიზატორები მოელიან, რომ წალენჯიხის ღია თვითმმართველობა სხვა მუნიციპალიტეტებსაც მისცემს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მაგალითს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG