Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდესაც სახელსაც გართმევენ


„ნიტრამი“ (2021, ავსტრალია, რეჟისორი ჯასტინ კურზელი)


ჯასტინ კურზელის ფილმს რეალური ისტორია უდევს საფუძვლად - მასობრივი მკვლელობები ქალაქ პორტ-არტურში 1996 წელს. ავსტრალიის ისტორიაში უპრეცედენტო ტერორისტული აქტის შედეგად მაშინ 35 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა. „ნიტრამის“ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე პორტ-არტურის ხოცვა-ჟლეტისას გადარჩენილებმა პეტიცია გაავრცელეს. „თუკი კურზელი მართლაც ცდილობს ამ მონსტრის საქციელის ახსნას, სინამდვილეში კი ამ კაცის გამართლებას, „ნიტრამის“ ავტორებს სასამართლოში სიარული მოუწევთ. ჩვენთვის ის დღე მოუშუშებელი ჭრილობაა და არავის ვაპატიებთ ჯოჯოხეთით სპეკულაციას“.

ნიტრამი მთავარი გმირის მეტსახელია. ბავშვობაში შეარქვეს ასე („მარტინი“ - უკუღმა). დაახლოებით 30 წლისაა, მაგრამ ისეთივე ბავშვია, როგორიც იყო სკოლაში, უმცროს კლასში, როცა საკმაოდ სახიფათო ფოიერვერკებით ერთობოდა. მის სახეს კარგად ვერც დაიმახსოვრებ - თითქოს თავისი გრძელი, გაჩეჩილი თმით მალავს მზერას. თავადაც ამბობს: „ზოგჯერ ვუყურებ ჩემს თავს სარკეში და ვერ ვხვდები, რომ ეს მე ვარ“. ნიტრამის გონებრივი განვითარება შეფერხდა. ასეთებს ჩვენში დელიკატურად „ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს“, ანდა, უბრალოდ, „სოციოპათებს“ უწოდებენ. თუმცა პოლიტკორექტულობა და დელიკატურობა ყოველთვის არ გვაახლოებს სიმართლესთან. ნიტრამი, უბრალოდ, ტერორისტია.

ისტორია უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვისა, რომელიც მთელი სამყაროს მიმართ კარგავს ნდობას და შურისძიების ინსტინქტით ცხოვრობს, არაერთხელ ასახულა კინოში. მისი დანაშაულის მიზეზს რომ ჩასწვდე, ცხადია, მისი ცხოვრების არცერთი დეტალი არ უნდა გამოგრჩეს. ამ მხრივ ავსტრალიური ფილმი განსაკუთრებული ორიგინალობით თითქოს არც გამოირჩევა. კანის კინოფესტივალზე, სადაც „ნიტრამის“ პრემიერა გაიმართა, მთავარი როლის შემსრულებელი, ამერიკელი მსახიობი კალებ ლენდრი ჯონსი დაჯილდოვდა „პალმით“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მსახიობი იმდენად კარგად თამაშობს, რომ სიმპათია და თანაგრძნობაც კი გიჩნდება მისი გმირის მიმართ, ხედავ, რომ ავტორი ბეწვის ხიდზე გადის, რომ სულ ცოტა აკლია ტერორიზმის გამართლებამდე (ამან არაერთი კრიტიკოსი გააღიზიანა კანში. ზოგიერთმა „ნიტრამი“ შეაფასა როგორც „დემაგოგია“). აქვე შეიძლება გაგახსენდეს „ტერორიზმის პოეზიის“ მორცხვი ახსნა სიღარიბითა და უთანასწორობით. მაგრამ ჯასტინ კუზელი მაინც ჩიხში გამწყვდევს - ფილმის გმირი უკვე ასაკში შესულ ოპერის მომღერალს შეუყვარდება და მთელ ქონებას მას უტოვებს. ნიტრამი სამყაროზე გაბრაზებული იმიტომ არაა, რომ ღარიბია. ნიტრამი გაბრაზებულია, რადგანაც ისევ უსიყვარულოდ უხდება ცხოვრება.

ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია ნიტრამის დედის უკანასკნელი სტუმრობა შვილთან, როცა უკვე ზრდასრულ შვილს ისე აძინებს, როგორც ბავშვობაში. მერე კი შეშფოთებული შეხედავს მას. აქამდე დედა აქ კინოკამერის პოზიციას იკავებდა. უთვალთვალებდა ფილმის გმირს, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მის გულში, მის გონებაში. მაგრამ ამავე დროს ცივი იყო, როგორც კინოკამერა. ავსტრალიური კინოს ვეტერანი, ჯუდი დევისი ნიუანსებზე ძერწავს ამ როლს (მე თუ მკითხავ, სწორედ დევისი იმსახურებდა კანში „პალმას“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და, სხვათა შორის, „ოსკარსაც“). შეუძლებელია მისი სახის დავიწყება ამ სცენაში. კამერა თითქოს განსულიერდა, მზერა გაცოცხლდა; რას გრძნობს დედა, რომელმაც მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილი მკვლელი არ გამოსულიყო. არსებითად არაფერი დააკლო - არც ყურადღება, არც საჭმელი, არც წამლები, არც ფსიქიატრები... და ეს სიყვარული რაღაა მაშინ? არ იცის. არავინ იცის! სად ეშლებათ ხოლმე აღზრდის პროცესში მშობლებს, საზოგადოებას? ამ კითხვებს სვამს ფილმის რეჟისორი. თანაც, უაღრესად დელიკატურად - აშკარაა, რომ ერიდება ძალადობის ამსახველ სცენებს, ნატურალიზმს. მას არ აინტერესებს ძალადობა და სისხლი, როგორც სანახაობა. ფილმის ავტორს არ სჯერა, რომ ძალადობის უტრირებით, ანდა ახლო ხედით ჩვენებით მიაღწევს კათარზისს მაყურებელში. კათარზისი მისთვის გამოსავალი არაა. ერთადერთი, რისთვისაც იღვწის, ჩვენი გონების გამოღვიძებაა. მას უნდა, რომ ვიფიქროთ. დასკვნები არ გამოვიტანოთ. მხოლოდ ვიფიქროთ. ავტორის ასეთი პოზიცია აუცილებლად გაგახსენებთ გას ვან სენტის „სპილოს“, მიუხედავად იმისა, რომ „ნიტრამს“ აშკარად აკლია სახიერი სიმდიდრე, რითაც ასე გამოირჩევა გას ვან სენტის შედევრი.

და მაინც, მაყურებელს განსჯაში აქ უპირველესად კინოს ენა ეხმარება. ვიზუალური თვალსაზრისით სურათი შესანიშნავადაა მოფიქრებული. გასული საუკუნის 90-იანი წლების ავსტრალიის ეს ნოსტალგიური პეიზაჟები, ეს სიმშვიდე, ბევრი ჰაერი, მზე და სიმწვანე, ეს სითბო... მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა ფაქტობრივად წინასწარ იცის, როგორ დასრულდება ფილმი, ყველაფერი მოულოდნელად ინგრევა უსასტიკესი ეპილოგით. ბოროტება ამოხეთქავს, რადგანაც წლების განმავლობაში გროვდებოდა, რადგანაც მისი ადგილი აღარაა საზოგადოებისგან სრულიად გარიყულ პატარა კაცში.

იმ საზარელი ტერაქტის შემდეგ ავსტრალიის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში - იარაღის ყიდვა-გაყიდვაზე დაწესდა მკაცრი კონტროლი. ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტიანი იყო ეს რეფორმა. ფაქტია, რომ ფილმში იარაღის გამყიდველს საერთოდ არ აინტერესებს, ვინაა მისი „მუშტარი“ და რა შეიძლება მან მოიმოქმედოს. ისიც არაა გამორიცხული, რომ იარაღით ვაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში მართლაც შესაძლებელი გახდებოდა საზარელი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილება. თუმცა არა მგონია, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება იყოს გამოსავალი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯასტინ კურზელს „ნიტრამში“ ყველაზე მეტად მაინც ოჯახი აინტერესებს, იგი დარწმუნებულია, რომ რეფორმა პირველ რიგში აღზრდის სისტემაში უნდა გატარდეს. ბოლოს და ბოლოს, ფილმის გმირი ხომ ცოტა ხნით მაინც იყო ბედნიერი, როცა ვიღაცას შეუყვარდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG