Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი დასავლეთში "საღ აზრზე დარჩენილებს" აფრთხილებს, უკრაინას შეიარაღება არ მისცენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 24 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 24 მარტი

თუ დასავლეთი უკრაინას მისცემს შეიარაღებას, რომელსაც ითხოვს, ეს იქნება ნაბიჯი დაუშვებელი ესკალაციისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ტელეარხ RT Arabic-თან ინტერვიუში. ეს არხი კრემლის პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელის, დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს მიერ აკრძალული RT-ის შემადგენლობაშია და არაბულ ენაზე მაუწყებლობს.

ლავროვის თქმით, დასავლეთის მოწოდება რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაა, ამისთვის კი, „საჭიროა ომის გაგრძელება, შეიარაღებით უკრაინელი ნაციონალისტების, უკრაინული რეჟიმის გაბერვა, მათ შორის, შეიარაღებით, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას მისწვდეს“. ლავროვის განცხადებით, სწორედ ასეთ შეიარაღებას საჯაროდ ითხოვს ზელენსკი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, „დასავლეთი სერიოზულად გააფრთხილეს, რომ უკვე არსებითად აწარმოებს პროქსი-ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნაციონალისტების ხელით“, მაგრამ, მსგავსი შეიარაღების გადაცემა იქნება „უსერიოზულესი ნაბიჯი დაუშვებელი ესკალაციისკენ“. ლავროვის თქმით, „იმედია, ეს ესმით დასავლეთში ცოტათი დარჩენილ საღ აზრზე მყოფებს“.

რუსული არმია ამჟამად ინტენსიურად უტევს უკრაინის დონბასის მხარეს. რთული სიტუაციის გამო, უკრაინის ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოების, უპირველესად, აშშ-ისგან კიდევ უფრო აქტიურად ითხოვს მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.

XS
SM
MD
LG