Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: დონბასზე ოკუპანტების შეტევამ ეს რეგიონი შესაძლოა, უკაცრიელად აქციოს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 25 მაისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 25 მაისი

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დონბასზე ოკუპანტების შეტევამ ეს რეგიონი შესაძლოა, უკაცრიელი გახადოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს ფერფლად აქციოს ქალაქები: პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი, როგორც ეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დონეცკსა და ლუგანსკში, რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და თემებში რუსებს მიჰყავთ ყველა, ვინც შეუძლიათ, რათა საოკუპაციო კონტინგენტში მოკლულების და დაჭრილების ადგილი შეავსონ. "ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობა, აშკარა გენოციდის პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ამას ხალხი ამბობს. 26 მაისს, კულება პირდაპირ ეთერში პასუხობდა ტვიტერით დასმულ შეკითხვებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გარეშე, უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალებს უკან ვერ დაახევინებს.

კულებამ პარტნიორ სახელმწიფოებს მიმართა, თუ სურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუგზავნონ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ამ ნაბიჯს უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისგან ელოდება. რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.

XS
SM
MD
LG