რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.
ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ოპოზიციური პარტიის, „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა ხმების 56%-ით დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
ცხინვალში დაბადებული, 41 წლის ალან გაგლოევი განათლებით ფინანსისტია. 2002 წლიდან მუშაობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, რომელიც 2017 წელს დატოვა "პოდპოლკოვნიკის ჩინით". 2020 წლის თებერვალში გაგლოევი პარტია "ნიხასის" თავმჯდომარედ აირჩიეს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.