Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალან გაგლოევმა "პრეზიდენტის ფიცი" ოსურად და რუსულად დადო


ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოწმობით. ცხინვალი, 2022 წლის 24 მაისი
ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოწმობით. ცხინვალი, 2022 წლის 24 მაისი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 24 მაისს გაიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალი "პრეზიდენტის", ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“. როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება, გაგლოევმა „პრეზიდენტის ფიცი ორ სახელმწიფო ენაზე - ოსურად და რუსულად დადო“. ცერემონია ცხინვალის სახელმწიფო თეატრის შენობაში ჩატარდა.

„პრეზიდენტის თანამდებობა მაკისრებს ყველაზე მაღალ ვალდებულებებს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“, - განაცხადა გაგლოევმა.

„რესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცერემონიას რუსეთის და მისი სუბიექტების: ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის დელეგაციებთან ერთად დაესწრნენ აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დელეგაციები.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ოპოზიციური პარტიის, „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა ხმების 56%-ით დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

ცხინვალში დაბადებული, 41 წლის ალან გაგლოევი განათლებით ფინანსისტია. 2002 წლიდან მუშაობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, რომელიც 2017 წელს დატოვა "პოდპოლკოვნიკის ჩინით". 2020 წლის თებერვალში გაგლოევი პარტია "ნიხასის" თავმჯდომარედ აირჩიეს.

კუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

XS
SM
MD
LG