Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში დასმული კითხვის - ხომ არ აპირებს გადახედოს მის გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - პასუხად განაცხადა, რომ შეწყალებაზე უკვე აქვს პასუხი გაცემული. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთეს, რაც საჭიროა.

ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. ახლა კი ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის პირობების დაცვა, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას. მე ვერ შევაფასებ საზღვარგარეთ გადაყვანას, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე დადასტურებული არ არის, ვერ ვიტყვი, რომ აქ არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე დაადასტურებს, მაშინ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ეს მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს, 13 მაისს, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სააკაშვილი "პატიმარია - კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და, რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი 12 აპრილს გადაიყვანეს. ის მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც უკმაყოფილოა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მოითხოვს მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში. იგივე მოთხოვნა აქვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG