Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძის განმარტებით, კანონმდებლობა არ იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნის შესახებ შეკითხვას უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. როგორც მან განმარტა, საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

„რაც შეეხება [მიხეილ სააკაშვილის] საზღვარგარეთ გადაყვანას, საქართველოში და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, პირდაპირ ვიტყვი, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხი, - აღნიშნა მინისტრმა და დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის პრეცედენტები, ასე უპასუხა, - არც ამის პრეცედენტები არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის კანონის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვით და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად“.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით თავდებად დადგომის საკითხზე.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც საუბარია სრულიად გაუგებარ და სამართლებრივი სივრციდან გასულ თავდებობაზე, რომელსაც არცერთი სამართლის ნორმა არ იცნობს, რა თავდებობაზე არის საუბარი, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული, სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მოდიან პარლამენტის წევრები, რომლებიც ხან პარლამენტის წევრები არიან, ხან გამოდიან, მერე ისევ შედიან, ვერ ყალიბდება საერთოდ ეს ხალხი, ვინ არის, პარლამენტის წევრი არის თუ არა. მოდის ეს ხალხი, უნდათ, რომ ჩაუდგნენ თავდებში და ამაზე ჩვენი პასუხი არის შემდეგი: ჯერ უნდა გაერკვნენ საერთოდ ქართულ სამართალში“, - ამბობს მინისტრი. როგორც მან თქვა, დეპუტატების ინტერესებში არ შედის აპარატის კვალიფიციურ თანამშრომლებთან კონსულტაციების გავლა, არამედ მათ აწყობთ მხოლოდ პოლიტიკური კამპანია სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.

„ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ვერც ულტიმატუმის და ვერც სამართალთან საერთოდ შემხებლობაში არმყოფი მოწოდებების საფუძველზე და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის დაეფუძნება სამართალს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი 12 აპრილს გადაიყვანეს. ის მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც უკმაყოფილოა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მოითხოვს მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.

10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა. იმავე დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუმცა, იმ პირობებით, რომ მასთან მუდმივად უშვებდნენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ "ემპათიიდან"; ასევე სამუშაო საათებში მასთან შესვლის უფლება ჰქონდეთ ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. პირობებს შორის იყო ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულ ყველა გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრაში მონაწილეობა პარიტეტული შემადგენლობით ხდებოდეს, "ემპათიის" ჩართულობით და თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დათქმების გარეშე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. იმავე დღეს, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მედიას უთხრა, რომ ასეთ დროს არავითარ ვაჭრობას თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დროულად გადაიყვანონ.

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე​ მრავალპროფილური​ კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG