Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: სერიოზული დიაგნოზის შემთხვევაში ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში, ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

"მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო შარშან, იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ - ეს არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმით შეწყალების წინააღმდეგია.

და როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. რაც მთავარია, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ხართ ერთიანი და გამძლე, ნებისმიერს შეგიძლიათ გაუწიოთ წინააღმდეგობა. და ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ერთიანობის ნამდვილად ფანტასტიკური მაგალითი უკრაინის ხელმძღვანელობის გარშემო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა გზავნილით, რაც სააკაშვილის დაკავებით გაეგზავნა მსოფლიოს, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია".

25 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, არავის აქვს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს ან თრომბს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან 28 აპრილს საზოგადოებას მიმართვა გააცნეს. ისინი მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და მთავრობას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, „ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“. კობახიძემ დაამატა, რომ სახალხო დამცველიც არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია".

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG