საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
NGO-ების თანახმად, პატიმარს სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს და მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნებისმიერი მოტივი უნდა გამოირიცხოს. მათივე თქმით, შესაბამისმა ინსტიტუციებმა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელონ.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო (TI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- სასამართლოს გუშაგი ( Georgian Court Watch);
- პრევენცია პროგრესისთვის;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- კავშირი საფარი;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).
დღეს, 28 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ საელჩოების წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ურჩევს შექმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი.
მისივე თქმით, შესაძლოა, მოიძებნოს სხვა სამართლებრივი გამოსავალიც. ეს, შესაძლოა, იყოს სააკაშვილის სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სასჯელის მოსახდელად მისი გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, შეწყალება და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.