Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი" - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

დღეს, 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას, რომლის ბრალდებულიც მიხეილ სააკაშვილია, ყოფილი პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდებულის სამედიცინო პროცედურებისთვის სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. სასამართლო პროცესის გაგრძელების შემდეგ, სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე ისაუბრეს.

სააკაშვილის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ "წაერთვა ფეხები" და აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ასევე, აქვს კიდურებში ტკივილები, რის გამოც სჭირდება ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღება. მისივე თქმით, თითქმის ვერ იღებს საკვებს, რაც მას კიდევ უფრო ასუსტებს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება უშედეგო იყო, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში კი თითქმის ვერ იღებს სათანადო მკურნალობას.

"გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ. ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ, ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია. კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა.

გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა. იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა, ეს საპატიმრო საერთოდ არაა მორგებული სამკურნალოდ, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ, აქ ვინც მომყვა ექიმის, გამომიყვანა მდგომარეობიდან, ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.

მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცი რაზეც მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა, რომ საქართველო გადაგვერჩინა. როგორ გამომივიდა, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია განსჯის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ ბრალდებულთან საპატიმრო დაწესებულებაში კვალიფიციური და სანდო სამედიცინო პერსონალის შეყვანას დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად, მოსამართლეს კი სთხოვენ "სპეციალური ზომების" მიღებას მისი ჯანმრთელობის დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, მას წაერთვა ფეხები რამდენიმე დღის წინ და ის ვერ დადიოდა. ამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობაც კი არ მაქვს ციხის ექიმთან, რომ ვკითხო, რა მოუვიდა. ჩემ ხელმისაწვდომობას ვინ დაეძებს, ექიმი არ მყავს, რომელიც მეტყვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადარჩება, ვერ გადარჩება, კარგად არის, ცუდად არის, წამების მსხვერპლი ხომ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამე მიეწოდება თუ არა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ვიღებ", - თქვა სასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ დაკითხოს ექიმები ცენტრიდან "ემპათია" და გამოიძახოს მოწმედ ის ექიმი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში გახდა სააკაშვილის ცუდად გახდომის მოწმე. პროკურატურა დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს არ ეთანხმება.

XS
SM
MD
LG