Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახალხო დმაცველის კონსილიუმის წევრი, ნერვოლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილო აქვს. ექიმის თქმით, ეფექტური იქნება მკურნალობის დროს გარემოს შეცვლა. ასეთი დასკვნა გააკეთა მან 22 აპრილს სააკაშვილის მონახულების დროს მიღებული ინფორმაციიდან.

"რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. გავეცანით ისტორიას, გარკვეული დარღვევები იყო, რაც მიუთითებს, რომ პაციენტის ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს - ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება, იწვევს ორგანოების და კუნთების დაშლას. ამ საშუალებით იღებს ამ ცილებს. შესაბამისად, ადამიანის მდგომარეობა ამიტომ არის გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამის მიზეზი იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე, 600-800 კალორიამდე, რომელშიც, პრაქტიკულად, ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა შემცირებულია. ასევე არის წამოდგომის დროს წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა არა, მაგრამ მისი წინარე მდგომარეობა. შესაძლებელია და მოსალოდნელია, მოჰყვეს გონების დაკარგვა.

მართლია, ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობს ამ ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი", - ამბობს ექიმი თენგიზ წულაძე, ნერვოლოგი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

იმ დღეს, 22 აპრილს, როცა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყება უსაფუძვლოს უწოდებდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG