Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი მოსამართლის საკონსტიტუციო სარჩელი - საქმე „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“ ეხება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ხუთი მოქმედი მოსამართლე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მამუკა წიკლაური დავობენ, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება დისციპლინური სახდელები, დისციპლინურ გადაცდომად კი ჩაითვლება ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა მოსამართლის მხრიდან აზრის გამოთქმის პროცესში.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პრინციპს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსამართლეთა უფლებებს.

გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“, – ნათქვამია მოსამართლეთა სასარჩელო განცხადებაში.

მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევისა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკს აჩენს.

„სადავო ნორმის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების/უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება „სხვა ობიექტური გარემოებების” არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის გაგრძელების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთლიანობაში, მოსამართლეები აცხადებენ, რომ კანონში შესულმა ცვლილებებმა „გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, „ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილს წარედგინა. სარჩელის ტექსტი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ახალ რედაქციას საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 13 იანვარს მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები: ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.

XS
SM
MD
LG