Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა


საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუხადავად იმისა, რომ მისი განცხადების თანახმად საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, ხელი მაინც მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ახალ რედაქციას.

მისი განმარტებით არასაკმარისად მიიჩნია, ცვლილებების მიმართ სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი.

ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს შეახსენებს ხიფათს, რომელსაც კანონის ახალი რედაქცია შეიცავს და განუმარტავს მათ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მნიშვენალობას ქვეყნის დემოკრატიისთვის.

„აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

2021 წლის მიწურულს პარლამენტმა დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ამარტივებს „ზომიერების და გაწონასწორებულობის პრინციპის დამრღვევი“ მოსამართლეების დასჯას.

კანონში დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებებს 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები: ახალი წესით, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა 10-ის ნაცვლად. ასევე, საბჭოს უფლება ექნება, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით. ამავე ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება იუსტიციის საბჭოს წევრების ზედიზედ ორი ვადით არჩევა.

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაედო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის.

კოალიციის თანახმად:

  • ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით.
  • წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან - ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად.
  • ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია.
  • ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG