Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილი კარვები პოლიციამ აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად აიღო


„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ბათუმში კარავი 6 მაისს გაშალეს.
„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ბათუმში კარავი 6 მაისს გაშალეს.

20-მდე ადამიანი დააკავა პოლიციამ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე გაშლილი კარვების აღება დაახლოებით დილის 02:00 საათზე დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საკრებულოს წევრები, მათ შორის, ქალები.

ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ „TV პირველთან“ ილაპარაკა განვითარებული მოვლენების შესახებ.

„აქცია მიმდინარეობდა, მე და გიორგი კირთაძე (ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი) მანქანაში ვისხედით. უცბად ლამპიონები ჩააქრეს, მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა და გადმოვედით მანქანიდან. გიორგი კირთაძეს აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაღრაძემ განუცხადა, რომ თურმე აქ კარვების დაშლისა და აქციის გამართვის უფლება არ გვქონია. გიორგი კირთაძემ სცადა მისგან განმარტების მიღება, მისი შეპასუხება კი ჩათვალეს პოლიციის კანონიერი მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობად და გიორგი კირთაძე დააკავეს“, - თქვა მირდატ ქამადაძემ.

პოლიციის წარმომადგენელმა კარვების აღების შემდეგ მიმართა აქციაზე მყოფ ელგუჯა ბაგრატიონს: „გზის გადაკეტვა რომ არ შეიძლება, ხომ იცი. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, აღარ იყო საჭირო გზის გადაკეტვა. აქციაზე არ იყო იმ რაოდენობის მონაწილე, რომ ქუჩის გადაკეტვა საჭირო გამხდარიყო“.

ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ აქციის გამართვაზე შეტყობინება ბათუმის მერიაში აქვს წარდგენილი და მათ აცნობა, რომ ქუჩა დაეკეტათ. „სცენა მქონდა გამართული და აქციას ვმართავდით. რას ნიშნავს გზის გადაკეტვა?! თურმე ქუჩაში არ შემიძლია აქციის გამართვა და პარკში უნდა შევიკრიბოთ. თურმე პოლიციამ უნდა გადამიწყვიტოს აქციის გამართვის ადგილი. აქ არის აჭარის მთავრობის სახლი და სიმბოლურად, აქ იმართება აქცია, თორემ რიჟვაძე (აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე) რომ არაფრის გადამწყვეტი არ არის, ეს ისედაც ვიცით. აქ იყო სცენა გამართული, იყო კარვები და იმართებოდა აქცია“, - თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გრიგოლ ბესელიას განცხადებით, შსს განმარტებას დილით გააკეთებს.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები 6 მაისს, საღამოს გაშალეს და მათთვის პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მანამდე, მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და დემონსტრანტებმა აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მასში სხვა მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ზღვისპირა ქალაქში შეკრებილებს მიმართა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მან თქვა, რომ აქცია არ დაიშლება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა:

  • პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში;
  • შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

აბაშიძის ქუჩაზე დამონტაჟებული სცენიდან აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის ძმამ მიმართა და თქვა, რომ ბათუმიდან იწყება მოძრაობა. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოივლიან საქართველოს ყველა ქალაქს, რეგიონს და მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ თბილისში.

6 მაისს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა რუსთავშიც, საპატიმრო დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ოფისიდან, ავტოკოლონით ჩავიდნენ რუსთავში.

რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თქვა, რომ პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და გაუწიოს მას ის სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 მაისს განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შერჩევითად სვამს მისთვის გამოყოფილ წამლებს.

მინისტრმა „მტკნარი სიცრუე" უწოდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG