Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მზად არის სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე იუსტიციის სამინისტროსთან საჯარო დისკუსიისთვის


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ერთად
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ერთად

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას.

„ჩვენთვის გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზეც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხების და ჩანაწერების შესწავლას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად არიან სამუშაო ფორმატში შეხვდნენ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და გამართონ ექსპერტული მსჯელობა. მათ შორის, მზად არიან, დისკუსია იყოს საზოგადოებისთვის საჯარო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 მაისს განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შერჩევითად სვამს მისთვის გამოყოფილ წამლებს.

მინისტრმა „მტკნარი სიცრუე" უწოდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG