Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა უწყვეტი საპროტესტო აქციების შესახებ


მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია.
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია.

„ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციამ ბათუმში აქცია-მსვლელობა გამართა. ზღვისპირა ქალაქში შეკრებილებს მიმართა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მან თქვა, რომ აქცია არ დაიშლება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია.
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია.

კირთაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გააცნო ორი მოთხოვნა:

  • პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში;
  • შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

აქცია-მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და დემონსტრანტებმა აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მასში სხვა მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

აბაშიძის ქუჩაზე დამონტაჟებული სცენიდან აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის ძმამ მიმართა და თქვა, რომ ბათუმიდან იწყება მოძრაობა. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები მოივლიან საქართველოს ყველა ქალაქს, რეგიონს და მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ თბილისში.

6 მაისს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქცია გამართა რუსთავშიც, საპატიმრო დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ოფისიდან, ავტოკოლონით ჩავიდნენ რუსთავში.

რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თქვა, რომ პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და გაუწიოს მას ის სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG