ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ოფისიდან, ავტოკოლონით ჩავიდნენ რუსთავში.
რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თქვა, რომ პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და გაუწიოს მას ის სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება.
რუსთავის აქციის მონაწილეები აპირებენ, ავტოკოლონითვე დაბრუნდნენ თბილისში და საპატიმრო დაწესებულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართონ აქცია.
დღესვე, აქცია გაიმართება ბათუმში.
აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ:
- მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში უცხოეთში;
- შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.